periodisation of soviet repressions by nika makharadze

23
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria 1 რეპრესიების ისტორიის პერიოდიზაცია ნიკოლოზ მახარაძე რაც უფრო მეტად ვშორდებით დროში საქართველოს ისტორიის საბჭოთა პერიოდს (1921-1991), მით უფრო რთულია, ერთი მხრივ, ზოგადი შეფასებების მიღმა კონკრეტული მოვლენების დანახვა და, მეორე მხრივ, ცალკეული ფაქტებისა და მოგონებების ერთიან სურათში მოთავსება. დღეს უკვე ის დრო ხშირად ერთგვარ მონოლითად, უწყვეტ და ერთგვაროვან ეპოქად აღიქმება. ნაწილობრივ ეს გამართლებულია, რადგან მთელი თავისი ისტორიის მანძილზე საბჭოთა რეჟიმი ობიექტურადაც ბევრ უცვლელ თვისებას ინარჩუნებდა და ოფიციალური პროპაგანდაც ხაზს უსვამდა ისტორიულ მემკვიდრეობითობას. ამავე დროს ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ საბჭოთა ისტორიის მანძილზე არაერთხელ შეიცვალა სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობის ხასიათი; ეკონომიკური, სოციალური პირობების მთელი ერთობლიობა და საგარეოპოლიტიკური კურსი; როგორც ლიდერების, ისე რიგითი მოქალაქეების მსოფლმხედველობა, განწყობა, ცხოვრების სტილი, ფასეულობები და გემოვნება, შესახედაობაც კი. საბჭოთა სისტემის პირველი პირის ხელში თავმოყრილი ძალაუფლება იმდენად დიდი იყო, რომ საბჭოთა კავშირის ყოველი ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, საკუთარ ეპოქას ქმნიდა. ნებისმიერი ახალი ეტაპი თან აგრძელებდა წინა პერიოდს, თან საკმაოდ ღიად ემიჯნებოდა მას. უფრო სრული და ობიექტური სურათის აღდგენაში ერთგვარი გზამკვლევი, ”სანავიგაციო რუკა” გამოგვადგებოდა. ამ ფუნქციის ნაწილობრივი შესრულება

Upload: soviet-past-research-laboratory

Post on 18-Apr-2015

749 views

Category:

Documents


1 download

TRANSCRIPT

Page 1: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

1

რეპრესიების ისტორიის პერიოდიზაცია

ნიკოლოზ მახარაძე

რაც უფრო მეტად ვშორდებით დროში საქართველოს ისტორიის საბჭოთა

პერიოდს (1921-1991), მით უფრო რთულია, ერთი მხრივ, ზოგადი შეფასებების

მიღმა კონკრეტული მოვლენების დანახვა და, მეორე მხრივ, ცალკეული ფაქტებისა

და მოგონებების ერთიან სურათში მოთავსება. დღეს უკვე ის დრო ხშირად

ერთგვარ მონოლითად, უწყვეტ და ერთგვაროვან ეპოქად აღიქმება. ნაწილობრივ

ეს გამართლებულია, რადგან მთელი თავისი ისტორიის მანძილზე საბჭოთა

რეჟიმი ობიექტურადაც ბევრ უცვლელ თვისებას ინარჩუნებდა და ოფიციალური

პროპაგანდაც ხაზს უსვამდა ისტორიულ მემკვიდრეობითობას.

ამავე დროს ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ საბჭოთა ისტორიის მანძილზე

არაერთხელ შეიცვალა სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობის ხასიათი;

ეკონომიკური, სოციალური პირობების მთელი ერთობლიობა და

საგარეოპოლიტიკური კურსი; როგორც ლიდერების, ისე რიგითი მოქალაქეების

მსოფლმხედველობა, განწყობა, ცხოვრების სტილი, ფასეულობები და გემოვნება,

შესახედაობაც კი.

საბჭოთა სისტემის პირველი პირის ხელში თავმოყრილი ძალაუფლება იმდენად

დიდი იყო, რომ საბჭოთა კავშირის ყოველი ხელმძღვანელი, ფაქტობრივად,

საკუთარ ეპოქას ქმნიდა. ნებისმიერი ახალი ეტაპი თან აგრძელებდა წინა

პერიოდს, თან საკმაოდ ღიად ემიჯნებოდა მას.

უფრო სრული და ობიექტური სურათის აღდგენაში ერთგვარი გზამკვლევი,

”სანავიგაციო რუკა” გამოგვადგებოდა. ამ ფუნქციის ნაწილობრივი შესრულება

Page 2: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

2

ისტორიის პერიოდიზაციას შეუძლია. ქრონოლოგიისაგან განსხვავებით,

პერიოდიზაცია მხოლოდ მნიშვნელოვანი თარიღების ფიქსაციით არ

შემოიფარგლება. ის მათ შეჯერებას, დაჯგუფებას, მათ შორის არსებული

კავშირების გამოვლენას გულისხმობს.

პერიოდიზაცია ცდილობს, ყველა ფაქტი მხედველობის არეში დატოვოს, მაგრამ

იმავდროულად არ დაწვრილმანდეს, და ისტორიული ეპოქის საერთო სურათი

წარმოგვიდგინოს. ამ მხრივ ის შეიძლება ფოტოაპარატის ”ზუმს” შევადაროთ -

კონკრეტულ მოვლენებთან მიახლოების სასურველი ხარისხი ჩვენ თვითონ

შეგვიძლია განვსაზღვროთ.

რამდენიმე ზოგადი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება

პერიოდიზაციის ამა თუ იმ ვერსიის შემუშავებისას:

პერიოდებად დაყოფის პრინციპს - იმ შინაარსს, რომლის მიხედვითაც

სხვადასხვა ისტორიულ მონაკვეთებს ერთმანეთისგან ვასხვავებთ.

”გამჭოლ ხაზებს” - თვისებებს, რომლებიც საბჭოთა სისტემას მთელი მისი

არსებობის ან მეტნაკლებად ხანგრძლივი დროის მანძილზე ახასიათებდა.

რეალურ ტეხილებს - იმ მოვლენებს, რომელთა შემდეგ მანამდე არსებული

სიტუაცია აშკარად იცლებოდა.

სხვადასხვა საზოგადოებრივ ტენდენციებს - როგორც ცალცალკე, ისე

ერთმანეთთან კავშირში.

ასევე, შეგვიძლია შემოვიტანოთ, ასე ვთქვათ, ”ტერიტორიულ-გეოგრაფიული”

პრინციპი და ერთდროულად მივადევნოთ თვალი როგორც იმ პროცესებს,

რომლებიც საბჭოთა იმპერიის ცენტრში იწყებოდა და საქართველოზე

ვრცელდებოდა, ისე საქართველოსთვის ან, თუნდაც, თბილისისთვის სპეციფიკურ

მოვლენებს.

Page 3: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

3

საბჭოთა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო; ამიტომ

ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკის გათვალისწინების გარეშე მაშინდელ

ვითარებაზე სრულყოფილი წარმოდგენის შექმნა შეუძლებელია, მაგრამ

”საბჭოურობის” ქართული სპეციფიკის გააზრებაც საინტერესო ამოცანაა.

მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი ადგილობრივ ხელმძღვანელობას შინაური

საქმეების მართვაში გარკვეულ (თუმცაღა შეზღუდულ) თავისუფლებას აძლევდა.

თავის მხრივ, ქართული საზოგადოება ქვეყნის კულტურული თვითმყოფადობის

შენარჩუნებას ცდილობდა. ამიტომ ცენტრის პოლიტიკის გატარება ადგილობრივი

პირობების გათვალისწინებით ხდებოდა, საზოგადოებრივი ცხოვრების

ატმოსფეროთი საქართველოში განსხვავდებოდა საბჭოთა იმპერიის სხვა

ნაწილებისგან.

განსხვავება არსებობდა არა მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის, არამედ

თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებს შორის, თბილისის სხვადასხვა

უბნებს შორისაც კი. ცალკეული უბნების საერთო-საქალაქო ფუნქციის, მათი

სოციალური და ვიზუალური გარემოს ნებისმიერი ცვლილება პირდაპირ იყო

დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკასთან. ასეთი ტრანსფორმაცია ხშირად

ძალისმიერი მეთოდებით ხორციელდებოდა - მთელი უბნები იცვლიდა სახეს

რეპრესიების (ზოგჯერ ჯალათები ან დამსმენები თავიანთ უშუალო მსხვერპლთა

ქონებასაც კი ეპატრონებოდნენ), დეპორტაციების (რეპრესირებული ქართველების

გარდა, შეგვიძლია გავიხსენოთ თბილისიდან სპარსელების, გერმანელების

გასახლება), ღირებული ისტორიული განაშენიანების ნგრევის, ტრადიციული

ყოფისა და ურთიერთობების, ინდივიდუალური ბიოგრაფიების მსხვრევის

შედეგად.

პერიოდიზაციასთან დაკავშირებით შესაძლებელია აგრეთვე რამდენიმე

ალტერნატიული მიდგომის გამოყენება. მაგალითად, ერთგვარი ”რეიტინგის”

შედგენა:

Page 4: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

4

ასე, 1920-იანი წლები საბჭოთა ისტორიაში ყველაზე ”ცოცხალი” პოლიტიკური და

არტისტული ცხოვრების ათწლეულია, 1970-იანები - ყველაზე უშფოთველი

(ზედმეტადაც), ყველაზე მძიმე პერიოდად კი აშკარად 1930-1940-იანები უნდა

მივიჩნიოთ.

ისტორიული ”ნუმეროლოგია”

ქრონოლოგიისა და პერიოდიზაციის გარდა შესაძლებელია საუბარი ფენომენზე,

რომელსაც, ალბათ, ”ისტორიული ნუმეროლოგია”* უნდა დაერქვას. არ ვიცი,

რამდენად შესაძლებელია მას ”სახალისო” ვუწოდოთ, როდესაც საქმე საბჭოთა

ისტორიას ეხება, მაგრამ ერთობ საინტერესო კია.

ასე და ამგვარად, საქართველოს საბჭოთა ისტორიაში იკვეთება რამდენიმე 8

წლიანი ციკლი:

ათვლის წერტილი, ცხადია, 1921 წელია (ოკუპაცია, გასაბჭოება). შემდეგ მოდის

1929 – ”დიდი გარდატეხის” წელი, როდესაც საბოლოოდ იკვეთება სტალინური

რეჟიმის კონტურები (1921+8). 1937 წელი - რეპრესიების პიკი (1929+8). 1945 წელი -

მეორე მსოფლიო ომის დამთავრება (1937+8). 1953 წელი - სტალინისა და, ოდნავ

მოგვიანებით, ბერიას აღსასრული (1945+8). 1961 წელი - ოფიციალური

დესტალინიზაციის ბოლო წელი (1953+8). სწორედ ამ დროს აიღეს თბილისში

ბელადის ძეგლები. ამავე წელს საბჭოთა საზოგადოების უმთავრეს მიზნად

”კომუნიზმის” უმოკლეს ვადებში აშენება გამოცხადდა.

მოგვიანებით აღნიშნული ტენდენცია ნაკლებად იჩენს თავს - თითქოს ისტორიაც

კი ”უძრაობის ხანაში” შედის. მაგრამ სამი რვაწლიანი ციკლის გამოტოვებით

(1961+8+8+8), მოვდივართ 1985 წლამდე, როდესაც საბჭოთა კავშირში ე.წ.

”გარდაქმნის” პროცესი დაიწყო, ხოლო საქართველოში ედუარდ შევარდნაძის

ზეობის საბჭოთა პერიოდი დამთავრდა: ის სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრად

* ნუმეროლოგია - მოძღვრება, რომელიც რიცხვებს ადამიანებისა თუ ქვეყნების ცხოვრებაზეგარკვეულ ზეგავლენას მიაწერს.

აქ ეს ტერმინი ირონიული მნიშვნელობითაა გამოყენებული. თარიღებზე მსგავსი დაკვირვება საინტერესოა, მაგრამ

ისტორიული მოვლენების გააზრებისა და შეფასების საფუძველი ვერ იქნება.

Page 5: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

5

დაინიშნა. მომდევნო 8 წელიწადმა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე

იმედიანი და ყველაზე ტრაგიკული მოვლენები დაიტია - 1993 წლის

შემოდგომისთვის (1985+8) ყოფილი საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები უკვე

”სულ სხვა ქვეყანაში” ცხოვრობდნენ.

ამ ქრონოლოგიის გაგრძელება შესაძლებელია საპირისპირო, უფრო ადრეული

წარსულის მიმართულებითაც: 1913 წელი (1921-8) იყო მეფის რუსეთში

საქართველოს მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი არსებობის უკანასკნელი წელი (1914

წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, მას მოჰყვა რევოლუციებისა და ახალი

ომების პერიოდი, რომელიც საქართველოსთვის სავალალო შედეგით სწორედ

1921 წელს დამთავრდა). 1905 წელი კი (1913-8) - რუსეთის პირველ რევოლუციას

უკავშირდება, რომელიც საქართველოშიც აქტიური დაპირისპირებითა და

სისხლიანი ექსცესებით აღინიშნა. ქართველი ბოლშევიკებიც პოლიტიკურ

ასპარეზზე აქტიურად სწორედ მაშინ გამოჩნდნენ.

ზემოთ წარმოდგენილი ყველა მოსაზრება ერთ მიზანს - საბჭოთა ისტორიისადმი

უფრო თავისუფალი, შემოქმედებითი მიდგომის სტიმულირებას ემსახურება.

ნებისმიერი პერიოდიზაცია შეიძლება იყოს ”ყოვლისმომცველიც”, და საკმაოდ

შერჩევითიც - აიგოს რაიმე ”თემის” გარშემო. აქაც ამჯერად მხოლოდ ერთ თემაზე

შევაჩერებთ ყურადღებას - საბჭოთა რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის

პერიოდიზაციაზე. რეპრესიების იდეოლოგიური გაფორმების (გამართლების),

მათი განხორციელების მექანიზმისა და ინტენსივობის მიხედვით საბჭოთა

ისტორიის მანძილზე აშკარად რამდენიმე განსხვავებული ეტაპი იკვეთება:

რევოლუციური ”წითელი ტერორი” - რომლის მთავარი სულისჩამდგმელები

იყვნენ ლენინი, ტროცკი და სხვა ბოლშევიკი ლიდერები, და რომელიც

მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების, ”კლასობრივი ომის” ხასიათსაც

ატარებდა.

Page 6: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

6

სტალინური ”დიდი ტერორი” - როდესაც რეპრესიების ერთადერთ

გამტარებლად სახელმწიფო იქცა, და მათ ტოტალური ხასიათი მიიღეს.

1960-1980-იანი წლების შედარებით ”რბილი” ავტორიტარიზმის პერიოდი -

როდესაც სახელმწიფო თავს არიდებდა ფართომასშტაბიან სადამსჯელო

ზომებს და, ძირითადად, სტატუს კვოს შენარჩუნებას ცდილობდა.

ჩვენი მიზანი არ არის ყველა იმ ფაქტის აღნუსხვა, რომელიც ამა თუ იმ პერიოდს

შეიძლება დაუკავშირდეს. მთავარია, შემოვიტანოთ პერიოდიზაციის მეთოდი -

რომლის მეშვეობით მკითხველი თავადაც შეძლებს, ცალკეული მოვლენები

შესაბამის ისტორიულ კონტექსტში მოათავსოს.

აღნიშნულ თემას ჯერ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ისტორიის კუთხით

შევხედავთ, შემდეგ კი უშუალოდ საქართველოში გატარებული რეპრესიების

ქრონოლოგია გავიხსენებთ:

საბჭოთა რეპრესიების სისტემა

ტერორისტულ მეთოდებს ბოლშევიკები ჯერ კიდევ 1917 წლის რევოლუციამდე

მიმართავდნენ. მასობრივი ტერორი ბოლშევიკური რეჟიმის ხელწერად 1918

წელს, რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე იქცა. თავისი ხანმოკლე

დამოუკიდებლობის წყალობით, საქართველო გადაურჩა რუსეთის რევოლუციის,

სამოქალაქო ომისა და სამხედრო კომუნიზმის ბევრ საშინელებას. მაგრამ 1921-1924

წლებში ეს ტალღა საქართველოსაც მისწვდა.

1920-იანი წლები - საბჭოთა სისტემის ჩამოყალიბების ხანა: ამ პერიოდში რეჟიმი

ძირითადად ან საკუთარ მტრებს ებრძოდა, ან იმათ, ვისაც ”მტრად” მიიჩნევდა.

ადამიანები სოციალური წარმომავლობისა და საქმიანობის მიხედვით

იდევნებოდნენ (თავადაზნაურობა, სამღვდელოება, შეძლებული ვაჭრების ფენა,

მეფის რუსეთისა თუ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო

პირები, მათი შთამომავლები).

Page 7: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

7

უკვე ამ დროს ბოლშევიკები დაუნდობლად უსწორდებოდნენ ნებისმიერ

ოპოზიციასა და ”არასანდო ელემენტებს”. მაგრამ საკუთარი მომხრეების მიმართ

რეჟიმი ჯერ-ჯერობით ლოიალურობას იჩენდა - საბჭოთა ხელმძღვანელობის

შიგნით მიმდინარეობდა დისკუსიები, არსებობდა კონკურენცია, შიდაპარტიული

ოპოზიცია და ფრაქციული ბრძოლა.

საქართველოს ოკუპაცია 1921 წლის თებერვალ-მარტში მოხდა, ხოლო რუსეთში

იმავე 1921 წლის 15 მარტს შემოიღეს ე.წ. „ნეპი“ - ”ახალი ეკონომიკური პოლიტიკა”

(НЕП – Новая экономическая политика). ამ მხრივ საქართველოს რამდენადმე

მაინც გაუმართლა - კომუნისტური მმართველობის ისტორიაში ნეპ-ის ეპოქა

ყველაზე ლიბერალურად ითვლება.

”ლიბერალიზმი” უმთავრესად წვრილ მეწარმეობასა და ვაჭრობას ეხებოდა - სხვა

მხრივ, სახელმწიფო მთლიანად აკონტროლებდა ფინანსურ სფეროსა და მსხვილ

მრეწველობას, მძლავრ იდეოლოგიურ ზეწოლას და ცენზურას მიმართავდა;

მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1920-იანი წლების კულტურული ცხოვრებაც ბევრად

უფრო მრავალფეროვანი, ნოვატორული და მჩქეფარე იყო, ვიდრე შემდგომში.

1929-1953 წლები - სტალინის ეპოქა: ამ პერიოდში საბჭოთა სისტემა საბოლოოდ

ჩამოყალიბდა, როგორც ერთპიროვნული დიქტატურა, ხოლო მასობრივი

რეპრესიების ”დოლაბებში” არა მხოლოდ მისი ”მტრები”, არამედ ერთგული

მომხრეებიც კი მოჰყვნენ - მილიონობით უდანაშაულო ადამიანთან ერთად. ეს

პერიოდი ხასიათდება სახელმწიფოს ტოტალური კონტროლით ცხოვრების ყველა

სფეროზე.

მოკლედ უნდა შევეხოთ ქრონოლოგიური საზღვრების თემას: ფორმალურად

სტალინი კომუნისტური პარტის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად

ჯერ კიდევ 1922 წელს დაინიშნა, მაგრამ ეს ერთპიროვნული ძალაუფლებისკენ

მისი სვლის მხოლოდ დასაწყისი იყო.

Page 8: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

8

რეპრესიების მხრივ კი, თუ ტერორის რევოლუციურ (1917-1922 წლების რუსეთსა

და 1921-1924 წლების საქართველოში) და სტალინურ ”ტალღებს” შორის საერთოდ

რაიმე შუალედის არსებობას ვივარაუდებთ, ის ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება:

უკვე 1922 წელს საქართველოს სსრ პირველ სისხლის სამართლის კოდექსში

ჩნდება მუხლი ”კონტრრევოლუციური საქმიანობის” შესახებ; 1927 წელს ტარდება

სადამსჯელო ორგანოების ”მასობრივი ოპერაციები”, სოფლად იწყება მეურნეობის

ძალდატანებითი კოლექტივიზაცია; 1928 წლიდან რეგულარულად იმართება

ხმაურიანი ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესები.* ამავე წელს იწყება

ეკონომიკის ხუთწლიანი განვითარების პირველი გეგმის განხორციელება, რაც,

ფაქტიურად, ნეპ-ზე უარის თქმას ნიშნავდა. მაგრამ ნეპ-ის ეპოქა იურიდიულად

მხოლოდ 1931 წელს მთავრდება, როდესაც სსრკ-ში საბოლოოდ იკრძალება კერძო

ვაჭრობა.

მაშ, სად არის 1920-იანი წლებიდან სტალინიზმის ეპოქაში გადასვლის წერტილი -

თუნდაც სიმბოლური? ასეთ მომენტად 1929 წელი უნდა მივიჩნიოთ:

სწორედ 1929 წელს თვითონ სტალინმა ”დიადი გარდატეხის” წელი უწოდა. ამ

წელს მოხდა ორი სიმბოლური მოვლენაც: საბჭოთა კავშირიდან გააძევეს

სტალინის მთავარი პოლიტიკური მეტოქე - ლევ ტროცკი; ხოლო დეკემბერში,

სტალინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საბჭოთა რეჟიმის ისტორიაში

პირველად გამოქვეყნდა უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს - კომუნისტური

პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრთა სია, სადაც თავში

სტალინის სახელი ეწერა, ხოლო ყველა დანარჩენი - ანბანის მიხედვით იყო

ჩამოთვლილი. მანამდე ანბანური წესი პოლიტბიუროს ყველა წევრზე

ვრცელდებოდა (სტალინის ჩათვლით). სტალინიზმი და ”დიდი ტერორი” - ეს ორი

* ”ფალსიფიცირებულს” მათ იმიტომ ვუწოდებთ, რომ ისინი ტარდებოდა პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევებით,

აშკარად პოლიტიზირებულ ხასიათს ატარებდა და, რაც მთავარია, სტალინის შემდგომ წლებში (ჯერ კიდევ საბჭოთა

პერიოდში) მსჯავრდებულთა უმრავლესობა რეაბილიტირებულია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.

Page 9: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

9

ცნება ერთმანეთს სამუდამოდ 1930-იან წლებში დაუკავშირდა. 1934-1952 წლები

მასობრივი რეპრესიების რამდენიმე ტალღამ მოიცვა.

ყველაფერი ხმაურიანი პოლიტიკური პროცესებით დაიწყო. მათი მეშვეობით

სტალინი ბოლშევიკურ ხელმძღვანელობაში პოტენციურ კონკურენტებს

იცილებდა. მალე ფიზიკური ანგარიშსწორება ყოველდღიურ რეალობად იქცა:

„არასასურველ” პირთა დევნისა და განადგურების პროცესში სტალინის გარდა,

სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელები და რიგითი მოქალაქეებიც კი ჩაერთნენ.

1930-იან წლებში სტალინური რეპრესიები რეჟიმისადმი სრულიად ლოიალურ,

უდანაშაულო ადამიანებსაც შეეხო.

ნადვილი ორუელისეული* ირონიაა იმაში, რომ სწორედ 1937 წელს აიკრძალა

მოქალაქეების დევნა სოციალური წარმომავლობის მიხედვით. სინადვილეში, ეს

სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ, მაგ., ყოფილი თავადაზნაურობას რეპრესიები აღარ

ემუქრებოდა - პირიქით, იმ დროისთვის საფრთხის წინაშე საზოგადოების ყველა

ფენა აღმოჩნდა - მათ შორის, ოდესღაც თითქმის ”ხელშეუხებელი” კატეგორიები:

ძველი ბოლშევიკები, ცარისტული კატორღის ”ვეტერანები”, პარტიული მუშაკები

და უმაღლესი რანგის სამხედროები, თვით სადამსჯელო ორგანოების

თანამშრომლებიც კი. ამიერიდან ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა გამხდარიყო

მათ მიერვე შექმნილი მონსტრის მსხვერპლი - ხალხი არა რაიმე იდეოლოგიურ

დოგმას, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლას, ყველაზე მდაბიო პირად მოტივებს

(შური, შუღლი, შურისძიება) ეწირებოდა.

ტერორის სახელები

მართალია, სრული უფლება გვაქვს, როგორც ”წითელი ტერორი”, ისე ”დიდი

ტერორი”, საბჭოთა (განსაკუთრებით, 1917-1953 წლების) რეპრესიების მთელი

* ჯორჯ ორუელი (George Orwell, 1903-1950) – ინგლისელი მწერალი. მის ყველაზე ცნობილ რომანში, ”1984” , აღწრილია

ტოტალიტარიზმის პირობებში საზოგადოებრივი შეგნების კონტროლისა და მანიპულირების მეთოდები - სიცრუის,

აკრძალვების, სიტყვების ჩვეულებრივი მნიშვნელობის გაყალბების მეშვეობით.

Page 10: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

10

ისტორიის დასახასიათებლად გამოვიყენოთ, მაგრამ არსებობს ამ ტერმინების

უფრო ზუსტი განაწილებაც წლების მიხედვით:

”წითელი ტერორი”, ვიწრო გაგებით, აღნიშნავს 1918 წლის სექტემბერ-

ოქტომბერში (ძირითადად, პეტროგრადში) გატარებულ რეპრესიებს ან, ზოგადად,

1918-1923 წლების ბოლშევიკურ პოლიტიკას. 1918 წლის 5 სექტემბერს საბჭოთა

რუსეთის სახალხო კომისართა საბჭომ თვითონ მიიღო დადგენილება ასეთი

სახელწოდებით: ”წითელი ტერორის შესახებ” (”О Красном терроре”). სამოქალაქო

ომის მთელ პერიოდზე ეს ტერმინი გავრცელდა რუსი ისტორიკოსის, სერგეი

მელგუნოვის (1879-1956) წიგნის გავლენით, რომელიც 1923 წლის მიწურულს

გამოიცა ბერლინში: ”წითელი ტერორი რუსეთში. 1918-1923”.1

”დიდი ტერორი” ან ”დიდი წმენდა” 1934-1938 წლებში სტალინის მიერ

განხორციელებული რეპრესიების იმ ტალღას ეწოდება, რომელმაც კულმინაციას

1937 წელს მიაღწია. ასევე, ეს სახელი ზოგადად შეიძლება აღნიშნავდეს სტალინის

მმართველობის წლებში განხორციელებულ რეპრესიებს. აღნიშნული ტერმინები

მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც 1968 წელს ცნობილმა ბრიტანელმა ისტორიკოსმა

რობერტ კონკვესტმა გამოაქვეყნა წიგნი სათაურით ”დიდი ტერორი: სტალინური

წმენდა ოცდაათიან წლებში”.2

ტერმინები ”წითელი ტერორი” და ”დიდი ტერორი” პირველად საფრანგეთის

რევოლუციის (1789-1799) ისტორიაში გვხვდება.3 ”წმენდა” კი საბჭოური

პოლიტიკური ენის ნაწილია და მომდინარეობს ფრაზიდან ”პარტიული რიგების

წმენდა”. ასეთი მექანიზმი უშუალოდ კომუნისტური პარტიის წესდებაში იყო

ჩადებული. ცხადია, ის პარტიიდან ”გარიყულთა” დაპატიმრებას ან დახვრეტას არ

გულისხმობდა, მაგრამ სტალინის პერიოდში მათ უმრავლესობას სწორედ ასეთი

ბედი ეწია.

Page 11: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

11

1953-1991 წლები - სტალინის შემდგომი პერიოდი ხასიათდება ავტორიტარიზმის

შედარებით რბილი ფორმით, მასობრივი რეპრესიების გარეშე, რეფორმების

ჩატარების პერიოდული მცდელობებით. თუმცა, იდეოლოგიური დიქტატი და

ადამიანის უფლებების დარღვევა საბჭოთა სისტემის უცვლელ ნიშნად რჩება.

ეს ეპოქა სამ ნაწილად იყოფა, რომლებიც საბჭოთა კავშირის მაშინდელი

ლიდერების - ხრუშჩოვის, ბრეჟნევის, გორბაჩოვის სახელებს უკავშირდება. თავის

მხრივ, თითოეულს საკუთარი ქვე-პერიოდებიც ჰქონდა (ეკონომიკის, საგარეო

პოლიტიკის თვალსაზრისით), თუმცა ჩვენი განხილვის საგნისთვის ასეთი

დეტალიზაცია ზედმეტია.

პოსტსტალინური ეპოქის საერთო ნიშანი ის იყო, რომ რეპრესიები საყოველთაო,

ტოტალურ ხასიათს აღარ ატარებდა. შეწყდა მასობრივი და ”შემთხვევითი”

დაპატიმრებების პრაქტიკა. ამიერიდან რეჟიმი მხოლოდ იმათ ებრძოდა, ვინც - ასე

თუ ისე - მისდამი კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავდა. თუმცა,

”ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის” და ”საბჭოთა წყობის სახელის

გამტეხი წინასწარ გამიზნულად ცრუ მონაგონების გავრცელების”(!) მუხლებით

1960-1980-იან წლებში მაინც 8145 ადამიანი დაისაჯა.4

1950-1960-იანი წლების მიჯნაზე საბჭოთა კავშირში აღმოცენდა ოფიციალური

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არაერთი, ოღონდ ძალიან მცირე

ჯგუფი - ზოგჯერ სულ 3-5-კაციანი. ისინი ძირითადად იქმნებოდა მუშათა

ფენაში, რომელიც ლოიალური იყო კომუნისტური ხელისუფლების მიმართ და

მხოლოდ ”ცალკეული ნაკლოვანებების” გამოსწორებას მოითხოვდა.

ხელისუფლება ხან მათ იგნორირებას, ხან ჩახშობას არჩევდა. მხოლოდ

მოგვიანებით გამოიკვეთა ოფიციალური იდეოლოგიისადმი ცალსახად

ოპოზიციური მიმდინარეობები - გაჩნდნენ ნადვილი საბჭოთა დისიდენტები

(”სხვაგვარად მოაზროვნეები”, უფლებათა დამცველები) და მათი ორგანიზებული

ჯგუფები.

Page 12: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

12

მიუხედავად შედარებითი ”ლმობიერებისა”, ეს პერიოდი აღინიშნა

ანტისამთავრობო ან, ზოგადად, ანტისაბჭოთა გამოსვლების ჩახშობის რამდენიმე

უსასტიკესი ეპიზოდით - როგორც სსრკ-ს შიგნით (მაგ., ნოვოჩერკასკში - 1962

წელს), ისე მის გარეთ - აღმოსავლეთ გერმანიაში (1953), უნგრეთსა (1956) და

ჩეხოსლოვაკიაში (1968).

ამ მოვლენათა რიგში ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, მაგრამ საქართველოს

ფარგლებს გარეთ ნაკლებად ცნობილი ეპიზოდია თბილისის ტრაგედია 1956

წლის 9 მარტში.

ე.წ. ”უძრაობის ხანის” ქრონოლოგია ფორმალურად ასე შეიძლება განისაზღვროს:

საბჭოთა კავშირის სათავეში ლეონიდ ბრეჟნევის მოსვლიდან (1964) მიხეილ

გორბაჩოვის მოსვლამდე (1985). მაგრამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კლიმატის

ცვლილების შესაბამისი საზღვრები ოდნავ განსხვავებული იქნება: 1968 წლიდან

(როდესაც ”პრაღის გაზაფხულის” ჩახშობამ გამოავლინა ბრეჟნევის რეჟიმის

უაღრესად კონსერვატიული ბუნება) 1987-1988 წლამდე (როდესაც გორბაჩოვის

მიერ გამოცხადებული ”გარდაქმნისა” და ”საჯაროობის” კურსი რეალურ

პოლიტიკურ ცვლილებებში გადაიზარდა).

”უძრაობის ხანა” თავის სახელს ამართლებდა არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური

განვითარების მხრივ, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც:

ანდრეი ამალრიკი - დისიდენტი, რომელმაც ჯერ კიდევ 1969 წელს დაწერილ

წიგნში იწინასწარმეტყველა საბჭოთა იმპერიის დაშლა (”იარსებებს თუ არა

საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე?)”, აღნიშნავდა: ”რეჟიმს არ სურს არც

”სტალინიზმის რესტავრირება”, არც ”ინტელიგენციის წარმომადგენელთა დევნა”,

არც ”ძმური დახმარების აღმოჩენა” იმათთვის, ვინც ამას არ ითხოვს... რეჟიმი

არავის ესხმის თავს, ის თავს იცავს. მისი მიზანია ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც

Page 13: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

13

იყო. ალბათ, ეს ყველაზე ჰუმანური მიზანია, რომელიც კი ამ რეჟიმს ბოლო

ნახევარი საუკუნის მანძილზე დაუსახავს, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ნაკლებად

მიმზიდველი”.5

რაც შეეხება გორბაჩოვის მმართველობას, ის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო

ტენდენციით ხასიათდებოდა:

ერთი მხრივ, ”საჯაროობის” (”გლასნოსტის”) პოლიტიკის ფარგლებში მოხდა

მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია (ბეჭდვით მედიაში კრიტიკული აზრის ღიად

გამოხატვისთვის აღარავინ ისჯებოდა), პოლიტპატიმრებისა და გადასახლებაში

მყოფი დისიდენტების გათავისუფლება. ასე, მაგალითად, 1987 წელს

გადასახლებიდან საქართველოში დაბრუნდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი - მერაბ კოსტავა (1939-1989).

ამავე დროს, სწორედ ”გარდაქმნის” პერიოდი აღინიშნა სახელმწიფოს მხრიდან

საკუთარი მოქალაქეების მიმართ ღია ძალადობის არნახული ესკალაციით (რასაც

ბრეჟნევის ხელისუფლება ერიდებოდა) - სისტემა სულაც არ აპირებდა

”თვითლიკვიდაციას” და სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობდა.

საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტად იქცა 1989 წლის 9 აპრილს

რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ გამართული მიტინგის დარბევა.

მსგავს მოვლენებს (როდესაც საბჭოთა ჯარების საკუთარ მოქალაქეებთან

დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა) იმავე წლებში ადგილი ჰქონდა საბჭოთა

კავშირის სხვა ქალაქებშიც: ალმა-ატაში (1986), ბაქოსა და დუშანბეში (1990),

ვილნიუსსა და რიგაში (1991).

Page 14: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

14

რეპრესიული ორგანოები

რუსეთში 1917 წლის გადატრიალების შემდეგ, ხოლო საქართველოში -

გასაბჭოების პროცესში (1921 წელს) იქმნება სამხედრო-რევოლუციური

კომიტეტები (რევკომები); შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (შინსახკომი,

რუს. НКВД); კონტრრევოლუციასთან ბრძოლის საგანგებო კომისია (რუსული

შემოკლება - ЧК (ჩეკა). აქედან - ”ჩეკისტი”), რომელიც შემდგომში გადაკეთდა ჯერ

შინსახკომის სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოდ (ГПУ), ხოლო

მოგვიანებით - გაერთიანებულ სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოდ

(ОГПУ).

1934 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი საკავშირო დონეზეც შეიქმნა

და მოკავშირე რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები მას დაექვემდებარა. იმავე

1934 წელს ОГПУ-ს ჯერ სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველო, ხოლო

მოგვიანებით - სახალხო კომისარიატი ეწოდა. 1946 წელს სახალხო კომისარიატებს

სამინისტროები დაარქვეს, სახალხო კომისრებს - მინისტრები.

1934-1953 წლების შუალედში შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების

უწყებები (ზემოთ მოტანილი სხვადასხვა სახელწოდებით) რამდენჯერმე

გაერთიანდა და ისევ გაიყო, სანამ 1954 წლიდან არ ჩამოყალიბდა ცალკე - შინაგან

საქმეთა სამინისტრო, ცალკე - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (სუკ-ი, იგივე

КГБ). ამ სისტემამ უკვე უცვლელად იარსება საბჭოთა კავშირის დაშლამდე. 1935-

38 წლებში ადგილებზე იქმნება ე.წ. ”საგანგებო სამეულები” (”ტროიკები”) -

სასამართლოსგარე სამსჯავროები (შინაგან საქმეთა ადგილობრივი სამმართველოს

უფროსის, პარტიული ხელმძღვანელისა და პროკურორის შემადგენლობით),

რომელთაც რეპრესიების პიკზე სასიკვდილო განაჩენთა უმრავლესობა

გამოჰქონდათ.

ასევე, 1922-1953 წლებში ხან შინსახკომის, ხან ОГПУ-ს, ხან სახელმწიფო

უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედებდა ე.წ. ”საგანგებო

Page 15: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

15

თათბირი”. ეს ორგანო მთლიანად იმეორებდა სასამართლო სისტემას, მაგრამ მისი

ნაწილი არ იყო - შეეძლო ნებისმიერი განაჩენი სასწრაფო წესით, ბრალდებულისა

და ადვოკატის დაუსწრებლადაც კი გამოეტანა.

საბჭოთა რეპრესიებთან კიდევ რამდენიმე ტერმინი ასოცირდება: ”გულაგი”

(შრომა-გასწორების ბანაკებისა და კოლონიების სახელმწიფო სამმართველო - რუს.

ГУЛАГ);

”სმერში” - მეორე მსოფლიო ომის დროს მოქმედი სამხედრო [კონტრ-]დაზვერვის

ორგანოები, რომელთა საერთო დასახელება იშიფრება როგორც ”სიკვდილი

ჯაშუშებს!” (”Смерть шпионам!”) - ისინი არა მხოლოდ ჯაშუშებს იჭერდნენ,

არამედ ხშირად ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე

მცხოვრები საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგაც

ახორციელებდნენ რეპრესიებს;

შემაკავებელი რაზმები (заградотряды) – რომლებიც ზურგში მიჰყვებოდნენ ჯარს

და მას უკან დახევის საშუალებას არ აძლევდნენ. ასეთი რაზმები პირველად

ტროცკიმ შექმნა სამოქალაქო ომის დროს, 1941-1944 წლებში კი მათ აქტიურად

იყენებდა სტალინის რეჟიმი.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ხოცვამ, დაპატიმრებებმა და

გადასახლებებმა საბჭოთა კავშირში არნახული მასშტაბები მიიღო, ისინი

საზოგადოების გაკონტროლების ერთადერთ საშუალებას როდი წარმოადგენდა.

მთელი საბჭოთა ისტორიის მანძილზე მოქმედებდა სხვა მექანიზმებიც, რომლებიც

ყველა მოქალაქეს უშუალოდ ეხებოდა:

Page 16: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

16

ეკონომიკისა და საფინანსო სფეროს სრული სახელმწიფო კონტროლი, კერძო

საკუთრების აკრძალვა (იმ მცირედს, რისი ფლობის უფლებაც ჰქონდა საბჭოთა

მოქალაქეს, ”პირადი საკუთრება” ერქვა*).

ცენზურა - რომელიც საჯარო თვითგამოხატვის, მეცნიერების, ხელოვნების

ყველა დარგს მოიცავდა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და

საგამომცემლო სფეროს სრულ კონტროლს, ბიბლიოთეკებში აკრძალული

ლიტერატურის საცავების შექმნას, უცხოური რადიოსადგურების ჩახშობას

გულისხმობდა.

პასპორტიზაციის, ჩაწერის, შრომის წიგნაკების სისტემა - რომელიც

მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შესაზღუდად და მუშახელის

ადგილებზე დასამაგრებლად გამოიყენებოდა. საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ

1974(!) წლამდე გლეხებს პასპორტებს არ აძლევდნენ და ნებართვის გარეშე

კოლმეურნეობის დატოვების უფლებაც არ ჰქონდათ.

საზღვარგარეთთან თითქმის ყველანაირი კერძო კონტაქტების აკრძალვა

სტალინის პერიოდში და მკაცრი შეზღუდვა - მომდევნო ხანაში.

ათეისტური პროპაგანდა, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილი,

რელიგიური ორგანიზაციების დევნა-შევიწროება, რელიგიური ნაგებობებისა

და სიწმინდეების განადგურება, მორწმუნეთა დასჯა.

განათლების სისტემის სრული კონტროლი და მეთოდური გამოყენება

ახალგაზრდობის იდეოლოგიური ინდოქტრინაციის მიზნით.

ამრიგად, საბჭოთა რეჟიმის მთელი არსებობა (იურიდიულადაც კი) შეიძლება

შეფასდეს, როგორც ადამიანის უკლებლივ ყველა უნივერსალური უფლების * საბჭოთა რეჟიმი დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა არსებითად ხელოვნურ გამიჯვნას ”კერძო” და ”პირად” საკუთრებას

შორის. კერძო საკუთრების უარყოფა მომდინარეობდა მარქსისტული იდეოლოგიიდან (იხ. მარქსისა და ენეგელსის

”კომუნისტური პარტიის მანიფესტის” მეორე თავი), რეალურად კი ასეთი უარყოფა რეჟიმს სრულ კონტროლს აძლევდა

ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე. მაგრამ, ამასთანავე, პრაქტიკული საჭიროება აიძულებდა მას, ეღიარებინა მოქალაქეთა

მინიმალური უფლებები მათ კუთვნილ საცხოვრისზე, ნივთებსა თუ დანაზოგებზე. ამიტომ იგულისხმებოდა, რომ არ

არსებობს ”კერძო საკუთრება” კაპიტალსა და წარმოების საშუალებებზე (როგორც ორმხრივი სოციალური ურთიერთობა,

ერთი ადამიანის მიერ მეორის ექსპლუატაციის საფუძველი); სამაგიეროდ, არსებობს ”პირადი საკუთრება”

ინდივიდუალური [ცალმხრივი] მოხმარების საგნებზე.

Page 17: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

17

(სიტყვის, გადაადგილების, სინდისის თავისუფლების და სხვ.) მუდმივი და

მიზანმიმართული შეზღუდვისა და დარღვევის სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ

ყველა ეს უფლება დეკლარირებული იყო საბჭოთა კონსტიტუციაში. ამ

თვალსაზრისით, რეჟიმის მსხვერპლად არა მხოლოდ მოკლულები და

დაპატიმრებულები უნდა მივიჩნიოთ, არამედ საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქე.

რეპრესიები საქართველოში

დღეს შედარებით ადვილია მასობრივი რეპრესიების პოლიტიკური, იურიდიული

და ზნეობრივი შეფასება: ეს იყო უდიდესი ბოროტება და დანაშაული ადამიანობის

წინააღმდეგ (თუმცა ზოგიერთები დღესაც არ თაკილობენ ამის უარყოფას, ან ამ

საკითხში ორჭოფობას).

გაცილებით უფრო რთულია რეპრესიების რეალურ მასშტაბზე მსჯელობა, მათი

სტატისტიკური შეფასება. რთულია უშუალო მსხვერპლთა რაოდენობის

დადგენაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ რეპრესიებისა და ომებისგან მიყენებულ

ირიბ ზარალზე - როგორც დემოგრაფიის, ისე საზოგადოების მორალური

განწყობისა და ქვეყნის საერთო განვითარების მხრივ. შეუძლებელია იმის

შეფასება, რამდენი არდაბადებული ბავშვი, რამდენი ნიჭიერი ადამიანი დააკლდა

ქვეყანას; რამდენმა იცხოვრა, მაგრამ ვერ შეძლო საკუთარი ადამიანური

პოტენციალის რეალიზება, რამდენი ადამიანის მუდმივ თანამგზავრად იქცა შიში,

გლოვა ან, ეგებ, სინდისის ქენჯნაც.

საინტერესო იქნებოდა რეპრესიული მანქანის მუშაობაში ჩართულ პირთა -

სხვადასხვა რანგის ჯალათთა (ყველაფერს თავისი სახელი უნდა ეწოდოს), მათ

ხელქვეითთა და ხელშემწყობთა რაოდენობის დადგენაც. სამწუხაროდ, როგორც

საბჭოთა კავშირის, ისე საქართველოს მასშტაბით რეპრესიების მსხვერპლთა

რაოდენობა საბოლოოდ დადგენილი არ არის.

Page 18: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

18

საქართველოში საკითხის შესწავლას ართულებს ის გარემოება, რომ არქივების

დიდი ნაწილი განადგურებულია - 1991-1992 წლების თბილისის ომის დროს

ხანძარმა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში დაცული

საარქივო ფონდის დაახლ. 80% შეიწირა.

რაოდენობრივი შეფასებები დამოკიდებულია აგრეთვე იმაზე, თუ ვის მივიჩნევთ

რეპრესირებულებად - მხოლოდ პოლიტიკური მუხლებით დახვრეტილებს,

დაპატიმრებულებსა თუ გადასახლებულებს; თუ სხვა კატეგორიებსაც: მაგ.,

კოლექტივიზაციის მსხვერპლთა ოჯახებს; ყველას ვინც, ზედმეტად მკაცრად

დაისაჯა სხვა (არაპოლიტიკური) მუხლებით; ანტისაბჭოთა აჯანყებების

მონაწილეებს; ომებისა და შიმშილის შედეგად დაღუპულებს; მათ, ვინც თუნდაც

დაპატიმრების გარეშე, წლობით იზღუდებოდა თავის კანონიერ უფლებებში.

დღეისთვის ხელმისაწვდომ რიცხობრივ შეფასებებს შორის არსებული

უზარმაზარი სხვაობიდანაც კი აშკარაა, რომ საკითხი დამატებით შესწავლას

მოითხოვს.

1921 წლის ინტერვენცია და ოკუპაცია

1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს დაღუპულ დამცველთა

რიცხვისა და სამოქალაქო მსხვერპლის ზუსტი შეფასება არ არსებობს.

უშუალოდ ომის დამთვარების შემდეგ ახალმა რეჟიმმა მაშინვე გამოავლინა

თავისი ულმობელი ხასიათი: პირველი სისხლის სამართლის საქმე უკვე 1921

წლის მარტში აღიძრა საკვები პროდუქტების გადამალვის(!) ბრალდებით. შვიდი

მსჯავრდებულიდან სამს დახვრეტა მიესაჯა. განაჩენი მეორე დღესვე მოიყვანეს

სისრულეში6.

Page 19: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

19

1924 წლის აჯანყება

1921 წელს მოხდა ანტიბოლშევიკური აჯანყება სვანეთში; 1922 წლის 26 მაისს

მოეწყო მანიფესტაციები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. იმავე 1922

წელს მოხდა ხევსურეთის აჯანყება და გამოსვლები გურიაში. ყველა ამ აქციის

მონაწილეებს საბჭოთა რეჟიმი სასტიკად უსწორდებოდა.

1923 წლის 20 მაისს ახლანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს

დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის მეთაურები - გენერლები:

კოტე აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე და კიდევ 13

პატრიოტი ოფიცერი7.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის დროს დაღუპულ მეომართა და

თანამდევი რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი უცნობია. მარტო მეტეხის

ციხეში 31 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე 146 პატიმარი დახვრიტეს.8

საქართველოში დაცული საარქივო მასალების მიხედვით, 1924 წლის აჯანყების

მონაწილე დახვრეტილ პირთა სიაში 768 ადამიანია.9 რეალური რიცხვები,

შესაძლოა, გაცილებით უფრო დიდიც ყოფილიყო.

1930-იანი წლების რეპრესიები

რეპრესიების პიკი მოდის 1935-1938 წლებზე. ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში

განსაკუთრებით ჩაიბეჭდა 1937 წელი. საბჭოთა რეპრესიული მანქანის

მსხვერპლთა უმრავლესობა სწორედ 1930-იანი წლების ”დიდი ტერორის”

პერიოდზე მოდის.

საქართველოში რეპრესიები განსაკუთრებული სისასტიკით გატარდა: ტერორმა არ

დაინდო არც ერთი ფენის წარმომადგენელი, მათ შორის - მეცნიერებისა და

ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები.

Page 20: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

20

საგულისხმოა ისიც, რომ საბჭოთა რეპრესიულ სისტემაში მნიშვნელოვანი

პოზიციები ეკავათ საქართველოს სადამსჯელო ორგანოებიდან გამოსულ

”კადრებს”: მას შემდეგ, რაც 1938 ლავრენტი ბერია* სსრკ-ს შინაგან საქმეთა

სახალხო კომისრად დაინიშნა, მან სხვადასხვა რესპუბლიკებში მაღალ

თანამდებობებზე თავისი ყოფილი ხელქვეითები გაამწესა.

1940-იანი წლების რეპრესიები და ომის მსხვერპლი

მართალია, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი გამჩაღებელი სტალინის რეჟიმიც

იყო (საკმარისია, გავიხსენოთ „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი“ და მისი

შედეგები**), მაგრამ სსრკ-ზე ნაცისტური გერმანიის 1941 წლის 22 ივნისის

თავდასხმის შემდეგ საბჭოთა კავშირისთვის თავდაცვითი, ”დიდი სამამულო

ომი” დაიწყო. ომში 700 000 ქართველი მონაწილეობდა (საქართველოს მაშინდელი

მოსახლეობის მეხუთედი). დაიღუპა 300 ათასზე მეტი ადამიანი - ამ ომში

საქართველოს დანაკარგების აბსოლუტური რიცხვი უახლოვდება ისეთი დიდი

ქვეყნების მონაცემებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი ან იტალია. მსხვერპლი

მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის თითქმის მეათედს შეადგენდა.

გარდა ამისა, 1930-იანი წლების მიწურლს და უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის

წლებში მოხდა საქართველოს მოსახლეობის ნაწილის, მაგ., ეთნიკური

გერმანელების, ან მაჰმადიანი მესხების მასობრივი დეპორტაცია.

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა საქართველოს ისტორიაში

სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წინააღმდეგობის მოძრაობას,

*ლავრენტი ბერია (1899-1953) - საქართველოს და ამიერკავკასიის რეპრესიული ორგანოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1921-

1931), საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი (1931-1938), სსრკ-ს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების

ორგანოების ხელმძრვანელი (1938-1953). ** ე.წ. ”მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი” — 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში ნაცისტურ გერმანიასა და სსრკ-ს შორის

დადებული თავდაუსხმელობის პაქტი, რომელსაც გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ

ფონ რიბენტროპმა და სსრკ-ს მხრიდან - საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა. ხელშეკრულების

საიდუმლო დამატებითი პროტოკოლი ითვალისწინებდა მხარეებს შორის აღმოსავლეთ ევროპის დაყოფას ”ინტერესების

სფეროებად”, რასაც მოჰყვა საბჭოთა კავშირის მიერ ფინეთის, პოლონეთისა და რუმინეთის აღმოსავლეთი ტერიტორიებისა

და ბალტიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების (ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის) ოკუპაცია და ანექსია.

Page 21: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

21

რომელიც მიზნად საბჭოთა რეჟიმის დამხობასა და საქართველოს

დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავდა. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება

პატრიოტული ორგანიზაცია „სამანი“ (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი

ახალგაზრდა ნაციონალისტები). მას შემდეგ, რაც თბილისში 1941 წელს შექმნილი

თავდაპირველი ჯგუფის 33 წევრი დააპატიმრეს და მათგან 17 კაცი დახვრიტეს,

გადარჩენილი „სამანელები“ 1942 წლის შემოდგომაზე ჯერ კახეთს, შემდეგ კი

თუშეთს შეეხიზნენ.

1942 წლის ოქტომბერში მათ რამდენიმე სოფელში საბჭოთა ხელისუფლება

დამხობილად გამოაცხადეს: გააუქმეს საბჭოები, დაითხოვეს თავმჯდომარეები და

ძალაუფლება თავად აიღეს ხელში. ეს 1924 წლის შემდგომ საბჭოთა საქართველოს

ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ჯარებმა ”სამანელები” ალყაში მოაქციეს

და გაანადგურეს. ამ აქციას მოჰყვა მასობრივი დაპატიმრებები თუშეთში.10

ომის შემდგომ პერიოდში რეპრესიები არ შენელებულა. ისინი შეეხო ტყვეობიდან,

ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაბრუნებულ ადამიანებსაც კი.

სტალინიზმის ეპოქის დასასრულიც ასევე მძიმე აღმოჩნდა: სსრკ მინისტრთა

საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე განხორციელდა

მასობრივი გადასახლება საქართველოდან ყაზახეთსა და შუა აზიაში11.

გადასახლებას ძირითადად ექვემდებარებოდნენ ინტელიგენციის, 1941-1945 წწ.

ტყვედ ნამყოფთა, ემიგრაციიდან დაბრუნებული პირების ოჯახები, წინა წლებში

პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული, და იმ დროისთვის უკვე

სასჯელმოხდილი ადამიანები. საბედნიეროდ, გადასახლებულთა

გათავისუფლებისა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ

დადგენილება მოსკოვში უკვე 1954 წელს მიიღეს.

Page 22: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

22

ეს წელი (1951) აღინიშნა აგრეთვე გახმაურებული „მეგრელთა საქმით“. მეგრული

წარმომავლობის ხელმძღვანელ მუშაკებს საქართველოში ძალაუფლების ხელში

ჩაგდებისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოყოფის

მცდელობაში დასდეს ბრალი. დააპატიმრეს როგორც თანამდებობის პირები, ისე

რიგითი მოქალაქეები. „მეგრელთა საქმის” ფარგლებში წამოყენებული

ბრალდებები იმდენად აბსურდული იყო, რომ მასთან დაკავშირებით

დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანები სტალინის გარდაცვალებისთანავე

გაათავისუფლეს.

პოსტ-სტალინური ეპოქის რეპრესიები:

საქართველოსთვის ამ პერიოდის ყველაზე მძიმე მოვლენები მის დასაწყისში -

1956 წლის 9 მარტს,12 და დასასრულს - 1989 წლის 9 აპრილს მოხდა.13 მათ შესახებ

დღეს შედარებით მეტი ინფორმაცია არსებობს, ამიტომ ამ მოვლენების

დაწვრილებით აღწერას არ შევუდგებით.

ახლახან (2011 წელს) გამოქვეყნებული მონაცემებით,14 1956 წლის 9 მარტის

ტრაგიკული მოვლენების დროს მოკლულია 21, დაჭრილია 55 ადამიანი. ქალაქის

მოსახლეობაზე საბჭოთა ჯარის სისასტიკემ იმდენად მძიმე შთაბეჭდილება

მოახდინა, რომ იმთავითვე გავრცელდა ხმები გაცილებით უფრო

მრავალრიცხოვან მსხვერპლზე.

1989 წლის 9 აპრილს უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, საავადმყოფოებში და

ე.წ. კომენდანტის საათის დროს დაიღუპა 21 ადამიანი.

***

საერთო ჯამში, თუ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული და რეპრესიებში

მოყოლილი ადამიანების რაოდენობას ერთად განვიხილავთ, საბჭოთა რეჟიმმა

საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა. ბევრად უფრო დიდია

Page 23: Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

23

იმათი რიცხვი, ვინც ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ადამიანის უფლებების უხეში და

ხანგრძლივი დარღვევების მსხვერპლი გახდა.

1 Мельгунов, Сергей. Красный террор в России, 1918-1923. Москва, Постскриптум, 1990; ან Айрис-пресс, 2008

2 Conquest, Robert. The Great Terror: Stalin's Purge of the Thirties. New York, McMillan, 1968

3 ten Brink, Jan. Robespierre and the Red Terror. Adamant Media, 2004 [1899 წელს, ანუ ჯერ კიდევ რუსეთის რევოლუციამდე

გამოყვეყნებული წიგნის ფაქსიმილური გამოცემა]

4 Козлов, Владимир [რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივის დირექტორის მოადგილე]. Крамола: инакомыслие в СССР

при Хрущеве и Брежневе. 1953-1982 годы. По рассекреченным документам Верховного суда и Прокуратуры СССР. ჟურნალი

”Отечественная история”, გვ.93—111, № 4, 2003

5 Amalrik, Andrei. Will the Soviet Union Survive Until 1984? New York, Harper & Row, 1970. ტექსტის ელექტრონული ვერსია

(რუსულად): http://www.vehi.net/politika/amalrik.html

6 ჯაფარიძე, მარგო. წითელი არქივი. ”სოციომეტრი”, 2011 წლის 4 ივლისი. http://sociometri.wordpress.com/2011/07/04/

არქივის ისტორიიდან. შშს საარქივო სამმრთველო, 2006. http://archive.security.gov.ge/history.php

7 ფაქტი, რომ დახვრეტა ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოხდა, ეყრდნობა სხვადასხვა ზეპირ ვარაუდს და დოკუმენტურ

დასაბუთებას საჭიროებს.

8 აგვისტოს აჯანყება 1924. გვ.267, ენციკლოპედია ”თბილისი”, თბ., 2002

9 1924 წლის აჯანყების მონაწილე დახვრეტილ პირთა სია. შშს საარქივო სამმრთველო, 2006

http://archive.security.gov.ge/daxvretilebi.php

10 ჩხეიძე, როსტომ. დაწყევლილი თაობა (1942 წლის შეთქმულება). თბ., 1992 ცოცანიძე, გიორგი. თუშური ქრონიკები: მენშევიკური პერიოდი; სამანელები. თბ., 2004

11 სსრკ მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის #4893-2113 დადგენილების საფუძველზე საქართველოს სსრ-დან

ყაზახეთის სსრ-ში 1951 წელს სპეცგადასახლებულ პირთა სია. შშს საარქივო სამმრთველო, 2006.

http://archive.security.gov.ge/gadasaxlebulni.php

12 ნოზაძე, შოთა. ტრაგიკული 9 მარტი. თბ., მერანი, 1992

13 9 აპრილი [სტატიების კრებული / შემდგ.: გ. გვერდწითელი]. თბ., მერანი, 1990

სონღულაშვილი, ავთანდილ. 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედია. თბ., მეცნიერება, 1999

ყორანაშვილი, გურამ. 9 აპრილი: მითი და სინამდვილე. თბ., ახალი საქართველო, 2001

14 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. საარქივო დოკუმენტების კრებული 1956 წლის 5-9 მარტის

მოვლენებთან დაკავშირებით. http://www.idfi.ge/archive/?cat=database&lang=ka