წამება და ღუაწლი წმიდისა დიდისა...

25
1 წამება და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისა (ისტორიული მიმოხილვა) XVI ს-ში კახეთის მეფეებმა თავიანთი მოქნილი პოლიტიკით შეძლეს სამეფოსთვის უცხოელთა შემოსევები აერიდებინათ. თავისი მამის პოლიტიკას წარმატებით განაგრძობდა კახთა მეფე - ალექსანდრე ლევანის ძე (1574-1605). ალექსანდრე II მდიდარი და ძლიერი მეფე იყო, და მისი ვაჭრები კახური საქონლით აზიასა და ევროპაში დადიოდნენ. მეფეს შეძლება ჰქონდა შესწეოდა ქრისტიანულ სალოცავებს იერუსალიმსა, ათონსა და სხვა წმიდა ადგილებში. ათონის ივერთა მონასტერში „სასნეულო და მისა კერძო გოდოლნი და სენაკნი განუახლებია მეფესა ალექსანდრეს“. მეფე ალექსანდრეს დროს კახეთის სამეფო საქართველოს სხვა სამეფოებთან შედარებით „საკმაოდ მოშენებული ფეოდალური სამეფო იყო“. კახეთში განსაკუთრებით ფართოდ მისდევდნენ მეაბრეშუმეობას და ხელოსნობა-ხელსაქმობას. ღვინოც უხვად გაჰქონდათ ახლობელ თუ შორეულ ქვეყნებში. ალექსანდრე მეფეს განზრახული ჰქონდა მთლიანად აღედგინა კახეთის ძველი ძლიერების ნაშთები: ციხე-ქალაქები და ეკლესია- მონასტრები. მეფე ცდილობდა უცხოეთიდან მოეყვანა ოსტატ-ხელოსნები, ხუროთმოძღურები, მხატვრები და სწავლული მწიგნობრები. კახეთი დაყოფილ იქმნა ოთხ სამხედრო ტერიტორიულ ერთეულად - სადროშოდ, მაგრამ სადროშოების სარდლობა კახეთის მეფემ თავადთა გვარებს კი არ ჩააბარა, როგორც ეს ქართლში მოხდა, არამედ ეპისკოპოსებს. ეპისკოპოსობა კი სამემკვიდრო თანამდებობა არ ყოფილა. ეპისკოპოსები მეფის მიერ ინიშნებოდნენ და საეკლესიო ყმებისა და მიწების გამოყენების საქმეში მეფის მფარველობას დიდად საჭიროებდნენ. ამის გამო ისინი უფრო ერთგულნი იყვნენ მეფისა, ვიდრე საერო დიდბატონები. ალექსანდრე მეფეს ჰყავდა ხუთი ვაჟი: დავითი, გიორგი, ერეკლე, როსტომი, კონსტანტინე, და ერთი ასული, ნესტან-დარეჯანი (მანუჩარ დადიანის მეუღლე და ლევან დადიანის დედა. იგი მშობიარობისას გარდაიცვალა). ერეკლე ბატონიშვილი დავითთან კონფლიქტის გამო თურქეთის სულტანთან, სტამბოლში გაიქცა. შაჰ-თამაზს ეგონა მეფე ალექსანდრე განმიდგაო და „განრისხებული წარმოემართა კახეთსა ზედა“. ალექსანდრემ თავისი უმცროსი ვაჟი, 7 წლის კონსტანტინე წარუვლინა დიდი ძღვენით და აუწყა: „რამეთუ ძე ჩემი წარვიდა ურჩებითა ჩემითა და მე ვარ წინაშე შენსა უცოდველი“. მაშინ დაცხრა მრისხანებისაგან შაჰ-თამაზი, ყრმა კონსტანტინე თან წაიყვანა და სპარსეთს გაბრუნდა. მეფე ალექსანდრეს მცდელობით 1595 წ. დასაწყისში შაჰ-აბასთან იყო მოსკოვის ელჩი ზვენიგოროდსკი, რომელმაც მას გადასცა მეფის სურვილი - ყრმა კონსტანტინე მოსკოვში გაეგზავნა. ამაზე შაჰმა უპასუხა: თვითონ კონსტანტინე მირზას ჰკითხეთო და როგორც მას უნდა ისე მოიქცესო. მაგრამ კონსტანტინე იმ ელჩთან არც კი მივიდა: არაფერი მაქვს სათქმელიო.

Upload: others

Post on 11-Oct-2019

14 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

1

წამება და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისა

(ისტორიული მიმოხილვა)

XVI ს-ში კახეთის მეფეებმა თავიანთი მოქნილი პოლიტიკით შეძლეს სამეფოსთვის

უცხოელთა შემოსევები აერიდებინათ. თავისი მამის პოლიტიკას წარმატებით განაგრძობდა

კახთა მეფე - ალექსანდრე ლევანის ძე (1574-1605). ალექსანდრე II მდიდარი და ძლიერი მეფე

იყო, და მისი ვაჭრები კახური საქონლით აზიასა და ევროპაში დადიოდნენ. მეფეს შეძლება

ჰქონდა შესწეოდა ქრისტიანულ სალოცავებს იერუსალიმსა, ათონსა და სხვა წმიდა

ადგილებში. ათონის ივერთა მონასტერში „სასნეულო და მისა კერძო გოდოლნი და სენაკნი

განუახლებია მეფესა ალექსანდრეს“.

მეფე ალექსანდრეს დროს კახეთის სამეფო საქართველოს სხვა სამეფოებთან

შედარებით „საკმაოდ მოშენებული ფეოდალური სამეფო იყო“. კახეთში განსაკუთრებით

ფართოდ მისდევდნენ მეაბრეშუმეობას და ხელოსნობა-ხელსაქმობას. ღვინოც უხვად

გაჰქონდათ ახლობელ თუ შორეულ ქვეყნებში. ალექსანდრე მეფეს განზრახული ჰქონდა

მთლიანად აღედგინა კახეთის ძველი ძლიერების ნაშთები: ციხე-ქალაქები და ეკლესია-

მონასტრები. მეფე ცდილობდა უცხოეთიდან მოეყვანა ოსტატ-ხელოსნები,

ხუროთმოძღურები, მხატვრები და სწავლული მწიგნობრები.

კახეთი დაყოფილ იქმნა ოთხ სამხედრო ტერიტორიულ ერთეულად - სადროშოდ,

მაგრამ სადროშოების სარდლობა კახეთის მეფემ თავადთა გვარებს კი არ ჩააბარა, როგორც ეს

ქართლში მოხდა, არამედ ეპისკოპოსებს. ეპისკოპოსობა კი სამემკვიდრო თანამდებობა არ

ყოფილა. ეპისკოპოსები მეფის მიერ ინიშნებოდნენ და საეკლესიო ყმებისა და მიწების

გამოყენების საქმეში მეფის მფარველობას დიდად საჭიროებდნენ. ამის გამო ისინი უფრო

ერთგულნი იყვნენ მეფისა, ვიდრე საერო დიდბატონები.

ალექსანდრე მეფეს ჰყავდა ხუთი ვაჟი: დავითი, გიორგი, ერეკლე, როსტომი,

კონსტანტინე, და ერთი ასული, ნესტან-დარეჯანი (მანუჩარ დადიანის მეუღლე და ლევან

დადიანის დედა. იგი მშობიარობისას გარდაიცვალა). ერეკლე ბატონიშვილი დავითთან

კონფლიქტის გამო თურქეთის სულტანთან, სტამბოლში გაიქცა. შაჰ-თამაზს ეგონა მეფე

ალექსანდრე განმიდგაო და „განრისხებული წარმოემართა კახეთსა ზედა“. ალექსანდრემ

თავისი უმცროსი ვაჟი, 7 წლის კონსტანტინე წარუვლინა დიდი ძღვენით და აუწყა: „რამეთუ

ძე ჩემი წარვიდა ურჩებითა ჩემითა და მე ვარ წინაშე შენსა უცოდველი“. მაშინ დაცხრა

მრისხანებისაგან შაჰ-თამაზი, ყრმა კონსტანტინე თან წაიყვანა და სპარსეთს გაბრუნდა.

მეფე ალექსანდრეს მცდელობით 1595 წ. დასაწყისში შაჰ-აბასთან იყო მოსკოვის ელჩი

ზვენიგოროდსკი, რომელმაც მას გადასცა მეფის სურვილი - ყრმა კონსტანტინე მოსკოვში

გაეგზავნა. ამაზე შაჰმა უპასუხა: თვითონ კონსტანტინე მირზას ჰკითხეთო და როგორც მას

უნდა ისე მოიქცესო. მაგრამ კონსტანტინე იმ ელჩთან არც კი მივიდა: არაფერი მაქვს

სათქმელიო.

2

კახეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო დავით ბატონიშვილი, რომელსაც

ცოლად ჰყავდა საოცარი სილამაზითა და სიკეთით შემკული აშოთან მუხრან-ბატონის*

ასული ქეთევანი. (* ბაგრატიონთა მუხრანული შტო მომდინარეობდა ქართლის მეფე

კონსტანტინე II-ს უმცროსი ძის - ბაგრატისაგან, რომელმაც თავის ძმის - დავით X-საგან

საუფლისწულოდ მუხრანი მოითხოვა. ბაგრატს ჰყავდა ოთხი ვაჟი: ვახტანგი, აშოთანი,

არჩილი, ერეკლე და ერთიც ასული - დედისიმედი, მეუღლე ქაიხოსრო II ათაბაგისა.)

ღმრთისმოყუარე აშოთან ბაგრატიონს ათონის წმინდა მთაზე ივერთა (ივერონის)

მონასტერში კარიბჭესთან ახლოს მცირე ტაძარი აუგია, შეუმკია და მოუხატვინებია (თავის

ძესთან ერთად შიგ ხატია). პორტაიტისა (ივერიის კარის ღმრთისმშობლის ხატი) აქ იქნა

გადმოსვენებული და დღემდე ამ პატარა ტაძარშია დაბრძანებული. მასვე აუგია

„საზოგადცხოვრებო ტრაპეზი თავისის ხომლითა და მოწყობილობითა“.

წმინდა ქეთევანი იყო ტანდაბალი, შავთვალება, პიმშვენიერი და დარბაისელი, არა

მხოლოდ ერთი სამეფოს, არამედ მთელი იმპერიის მბრძანებლობის ღირსი იყო (რ.

გულბეკიანი, ნამდვილი ცნობები საქართველოს დედოფლის ქეთევანის მოწამეობრივი

სიკვდილის შესახებ). „მცოდნე საღმრთო წერილისა, და სათნოებათა მომგები, ქალწული

მორცხვი, ბრძენი, კეთილგონიერი, ქალი ნარნარი და მხნე კეთილთა მოქმედებათადმი“.

დავითი კი იყო ამაყი, ლაღი, მრისხანე და ამისთვის სძულობდენ კახნი, არამედ გიორგი იყო

„შუენიერ-ჰაეროვანი, უხვი, მშვიდი, და ტკბილი ყმათათვის, და იყვნენ კახნი ამის კერძო და

ერთგულნი დიდად“. როცა ბატონიშვილმა გიორგიმ დავითის მოკვლა და ტახტის ხელში

ჩაგდება განიზრახა, დავითმა შეიტყო შეთქმულების ამბავი, შეიპყრო ძმა და თორღვას

ციხეში გამოკეტა, ხოლო თორმეტი შეთქმული ჭოეთის ციხიდან გადმოყარა და დახოცა. „და

თვით იქმნა ურჩ და წინააღმდგომ მამისა თვისისა ალექსანდრესი. რამეთუ მძლავრებით

მიუღო კახეთი და თვით დაიპყრა და იბატონა თვესა ექუსსა, და მერმე მსწრაფლ ეწვია

გულისწყრომა ღმრთისა და მოკუდა იგი“. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი -

თეიმურაზი და ელენე.

1602 წელს მონაზვნად აღკვეცილი ალექსანდრე ქვეყნის მართვას დაუბრუნდა. მან

თავისი საყვარელი შვილი, გიორგი ციხიდან გამოიყვანა და გვერდით ამოიყენა. 1604 წლის

გაზაფხულზე უფლისწული გიორგი, რომელიც უკვე ტახტის მემკვიდრედ ითვლებოდა,

მოლაპარაკებას აწარმოებდა ტატიშჩევისა და ივანოვის მეთაურობით ჩამოსულ რუსეთის

ელჩობასთან. როგორც ვარაუდობენ, სწორედ გიორგის გაუგზავნია დავითისა და ქეთევანის

შვილები ირანში. ქართლის ცხოვრების მიხედვით კი ქმრის სიკვდილის შემდეგ თვითონ

ქეთევანმა განარიდა აღზევებულ გიორგის ყრმა შვილები, და შერმაზან ჩოლოყაშვილის

თანხლებით ყაენთან გაგზავნა. შაჰ-აბაზმა კარგად მიიღო თეიმურაზი და მასწავლებლები

მიუჩინა სპარსული ენისა და მწიგნობრობის სასწავლებლად, ხოლო ელენე, როგორც კი

წამოიზარდა, ცოლად შეირთო.

3

1604 წ. ერევნის ალყის დროს შაჰმა საშველად კახთა მეფე ალექსანდრე II და მისი

დიშვილი - ქართლის მეფე გიორგი X - სვიმონის ძე თავიანთი ლაშქრითურთ იხმო. ცბიერმა

შაჰმა „სრული დიდებითა და პატივით“ მიიღო ქართველი მეფეები და უბრძანა ერევნის

ციხის იერიშით აღება. მაშინ სიმხნე დიდი აჩუენეს ქართველთა უმეტეს ყიზილბაშთა და

მივიდეს მეწინავედ, და აღიღეს ციხე ერევნისა“. შაჰ-აბასმა ერევანში თავისი გარნიზონი

ჩააყენა, ხოლო ქართველები ხელმწიფური პატივით შემოსა, ყველასაგან გამოარჩია და უხვად

დააჯილდოვა, მათ ყოველწლიური ჯამაგირი დაუნიშნა და ირანში სოფლები აჩუქა, რადგან

მათი დახმარების დიდი იმედი ჰქონდა თურქეთთან ომში. მაგრამ ირანის განმგებელი

ტყუილუბრალოდ არაფერს გასცემდა. მან სამაგიეროდ ალექსანდრე კახთა მეფეს კაკ-

ენისელის მხარე (დღევანდელი საინგილო), ხოლო გიორგი მეფეს ლორე-დებერდას ხეობა

გამოსთხოვა. ლორეს მხარისაგან შაჰ-აბაზმა მუსულმანური სასულთანო შექმნა, დებერდას

ხეობაში კი თურქმანული ტომი - ბორჩალუ ჩამოასახლა და აღჯაყალასი ირანელ ციხისთავს

დაუმორჩილა. ამ ღონისძიებით შაჰმა ორი საქმე გააკეთა: ქართლში შემოსასვლელი

ბუნებრივი სიმაგრის კარი შემოარღვია და ყიზილბაშური ტომების აქ დასახლებით

პლაცდარმი შექმნა საქართველოს წინააღმდეგ შემდგომი ბრძოლისათვის. ამავე ხასიათის

იყო კახეთის მიმართაც შაჰ-აბაზის განზრახვანი. კახეთი საკმაოდ მტკიცე და გამაგრებული

სამეფო იყო, რაც მოუთმენელი იყო მტრებისთვის.

ამ დროისათვის საშამხალოს (ჩრდილო კავკასიაში მდებარე სამთავრო)

მიერთებული ჰქონდა პირაქეთა დაღესტანი, რომელიც ამ დრომდე თითქმის ყოველთვის ან

ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს შიგნით ან კიდევ კახეთის სამეფოს

საზღვრებში იყო მოქცეული. პირაქეთა დაღესტნისა და კაკ-ენისელის დაკარგვის შემდგომ

კახეთის სამეფო დაუცველი, აღმო-სავლეთის საზღვრებმოშლილი აღმოჩნდა. ჩრდილოელ

(დაღესტნელ) და თურქმანულ ტომებს მდიდარი ქვეყნისკენ გზა გაეხსნათ. ნ. ბერძენიშვილი

თქმით, შაჰ-აბაზმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ერთი დაკვრით დამბლა დასცა.

კახთა მეფის კავშირი რუსეთთან არა გამოპარვია ცბიერ შაჰს. ამიტომ ალექსანდრე თავისთან

დაიტოვა და მხოლოდ 1605 წ. გამოისტუმრა საქართველოში.

ქართველ მეფეთა კავშირს რუსეთთან ვერ ეგუებოდნენ ვერც ოსმალნი, რადგან

საქართველო ერთმორწმუნეობის გამო მზარდი და ძლიერი რუსეთის იმპერიის ბუნებრივ

მოკავშირედ მიაჩნდათ. სპარსელები და თურქები რუსეთს თავიანთი სახელმწიფოებისათვის

დიდ საფრთხედ მიიჩნევდნენ და მისი ამიერკავკასიაში შემოსვლა საკუთარი

სახელმწიფოებრიობის აღსასრულის დასაწყისად ესახებოდათ. ამიტომაც მზად იყვნენ

ამოეგდოთ საქართველო და მოესპოთ მართლმადიდებლობა. ასევე მოუთმენელი იყო

კახეთის მეფეთა კავშირი რუსეთთან მაჰმადიანი მთის კავკასიური სამთავროებისთვისაც.

ისინი სასტიკად სჯიდნენ ქართველებს რუსეთთან დაახლოების მცდელობისთვის. ივანე

ჯავახიშვილი წერს: „რუსეთთან კავშირის დაჭერამ კახთა მეფე ალექსანდრე უკიდურეს

განსაცდელში ჩააგდო იმიტომ, რომ ყველა არაქრისტიანი მეზობელი ამის გამო საქართველოს

წინააღმდეგ აამხედრა და მოსკოვის სიძულვილმა ჩრდილოეთ კავკასიის მუსულმანები

4

გააერთიანა. ასეთ დროს კი ერთმორწმუნე რუსი სამღვდელოება, რომელსაც რუსეთის

მთავრობა საქართველოში უაღრესად საჭირო დამხმარე ჯარისა და ზარბაზნების

ჩამომსხმელი ოსტატების ნაცვლად აგზავნიდა, საქართველოში ამრეზით იქცეოდა“.

შაჰ-აბასმა კარგად იცოდა, თუ რაოდენ დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით

სარგებლობდა საქართველოში ალექსანდრე, ისიც კარგად უწყოდა, რომ კახეთის მეფე არ

აპირებდა ირანის წინაშე ქედის მოხრა, მაგრამ შაჰი ალექსანდრეს წინააღმდეგ გადამჭრელი

ზომების მიღებას ერიდებოდა, რადგან კახელების ლაშქარი დიდი ძალა იყო თურქებთან

ბრძოლაში. ამიტომ ვერაგმა შაჰმა გადაწყვიტა ეს ურჩი ქვეყანა იარაღის გამოუყენებლად,

სამეფო ოჯახში გადატრიალების მეშვეობით, საბოლოოდ დაემორჩილებინა. ამ მიზნის

განსახორციელებელად მან თავისი აღზრდილი, გამაჰმადიანებული კონსტანტინე

ალექსანდრეს ძე გამოიყენა, რომელიც იყო „ფრიად შემყვარე სჯულთა მათთა“. შაჰ-აბასმა

კონსტანტინე-მირზას შირვანი უწყალობა, მამისა და ძმის მოსაკლავად და კახეთის

დასაპყრობად საქართველოში წარმოგზავნა და საუკეთესო ლაშქარიც გამოატანა. კახეთის

საზღვრებს მოახლოებულმა კონსტანტინემ თავის მოსვლის შესახებ მამას აცნობა.

გახარებული ალექსანდრე გიორგისთან ერთად წინ მიეგება მონატრებულ შვილს. ორივე

ღმერთს მადლობდა, რომ დაკარგული შვილი და ძმა კიდევ ნახეს სამშობლოში მშვიდობით

დაბრუნებული. კონსტანტინემ შაჰის გამოგზავნილი ხალათი მამას გადასცა და მიეცნენ

შვებასა და განცხრომას. როცა უფლისწულმა გიორგიმ გაიგო ძმის სტუმრობის მიზეზი, მამა

ცალკე გაიხმო და თავისი ეჭვი გაუზიარა. გიორგის ასეთი მსჯელობა სრულიად

საფუძვლიანი იყო. მას არ მოსწონდა შაჰის მიერ კონსტანტინეს ასეთი დიდი უფლებებით

აღჭურვა. იგი ამტკიცებდა, რომ თუ შირვანის პროვინციას გამაჰმადიანებული კონსტანტინე

დაიპყრობდა, იგი საქართველოშიც შეიჭრებოდა. მეფე ალექსანდრე გიორგისთან ერთად

გამოსავლის ძებნას შეუდგა და ერთადერთი საშუალება, რომელიც მამა-შვილმა გამონახეს,

იყო ის, რომ გაეჭიანურებინათ და არ დახმარებოდენ კონსტანტინეს შირვანზე განზრახული

ლაშქრობის განხორციელებაში. რის გამოც იგი იძულებული გახდებოდა უარი ეთქვა ამ

ლაშქრობაზე და შაჰთან დაბრუნდებოდა. კონსტანტინე მირზა (კუსტენდალ მირზამ,

როგორც მას სპარსელები ეძახიან) მაშინვე მიხვდა იმის მიზეზს, თუ რატომ ცდილობდა მამა-

შვილი ამ ლაშქრობის გადადებას და გადაწყვიტა თავისი ბოროტი განზრახვა დროზე

მოეყვანა სისრულეში.

ერთ დღესაც კონსტანტინემ თავის კარავში მიიწვია მამა და ძმა, და შირვანზე

გალაშქრების შესახებ უხეშად დაუწყო ლაპარაკი. ალექსანდრემ თანმხლებ კახელებს გასვლა

უბრძანა, ისინიც თავ-თავის კარვებში წავიდნენ. დარჩა მათთან რუსთაველი ეპისკოპოსი და

მისი ძმა აბელ ანდრონიკაშვილი, ყორჩიბაში. ამ დროს კარავში შემოცვიდნენ წინასწარ

დაბარებული ყიზილბაშები და უკლებლივ ყველა ამოხოცეს (1605 წ). ამ გადაგვარებულმა

ქართველმა მამისა და ძმის მოკვეთილი თავები ირანის მბრძანებელს გაუგზავნა, რითაც

კიდევ ერთხელ „დაუმტკიცა“ გამზრდელს თავისი ერთგულება, ხოლო გვამები ალავერდს

გააგზავნა, სადაც ქეთევან დედოფალმა დაკრძალა მეფური პატივით. (ალავერდის

5

საკათედრო ტაძარი XI ს-ის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფეს იოსებ ალავერდელის მიერ

წმინდა გიორგის სახელზე VI ს-ში აშენებული პატარა ეკლესიის ადგილას აუგია. ალავერდი

იმთავითვე კახეთის მთავარ სალოცავად იქცა. ამავე დროს აქ შეიქმნა ერთ-ერთი

უმნიშვნელოვანესი ეპარქია საქართველოში. ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის

წინამძღვრადაც ითვლებოდნენ და ამიტომ ამბას წოდებასაც ატარებდნენ. ალავერდის ტაძარი

XI ს-დან კახეთის მეფეთა საძვალე იყო).

შეძრწუნებული კახელები განეშორნენ მამისა და ძმის მკვლელს, მაგრამ

კონსტანტინემ ზოგი დაპირებითა და ზოგიც ყაენის შიშის გამო შემოირიგა და „იწყო

დაპყრობა კახეთისა“: იგი სათავეში ჩაუდგა სპარსულ ჯარს, რომელიც კახეთის გარეთ იყო

დაბანაკებული, შეიჭრა კახეთის სამეფოში... ხელთ იგდო სამეფოს ხაზინა და დაიმორჩილა

მთელი სამეფო.

ურჯულო კონსტანტინეს გაბატონებამ კახეთი გათათრების საფრთხის წინაშე

დააყენა, მან კი უკეთურებას უკეთურება შესძინა და ქეთევანს, თავის ძმის ცოლს შეუთვალა:

„შეგირთავ ცოლად და შენცა მორჩილ მექმენ, რამეთუ შერთვა რძლისა არს წესი და

ჩუეულება მაჰმადის სჯულისა... შემირთევ და იყავ კუალადცა დედოფლი და, უკეთუ ესე არა

ინებო, მე ძალით ვყო ესე“. ქეთევანი ძლიერ შეშფოთდა და ასე შეუთვალა: „ღმრთის

მგმობარო/მამის მკვლელო და ძმისაო/ავის მქნელო, ავის მთქმელო/შენ უღირსო

სულდგმისაო/ყოვლის კაცის საძაგელო/სულ მოქმედო ავისაო/ღვთით ადრე ვეჭვ, შეგანანო,

თხოვა ჩემის თავისაო“ - „არჩილიანი“. ამავე დროს კახელ თავადებს უთხრა: თუ

სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დაიცავთ, ქართლში დავბრუნდებიო. მათაც

შეჰფიცეს ქეთევანს, რომ ამ უსჯულოებას არ დაუშვებდნენ და ფარულად აჯანყებისათვის

მზადება დაიწყეს.

კონსტანტინემ კახეთის სამეფოში რვა ათასი მებრძოლი შეაგროვა, ექვსიათასიან

სპარსულ ჯართან ერთად შირვანის წინააღმდეგ ილაშქრა და შაქის პროვინცია ოსმალთაგან

გაათავისუფლა. სწორედ აქ დააპირეს აჯანყებულმა ქართველებმა მოღალატის მოკვლა,

მაგრამ გაასწრო და მომხდარი ამბის შესახებ შაჰს შეატყობინა. მანაც რვა ათასიანი ლაშქარი

გამოუგზავნა, რომლითაც კონსტანტინე კახეთში შეიჭრა. ამ გასაჭირის ჟამს კახეთის

ქართველობას ქართლელები მიეშველნენ პაპუნა ამილახვრის სარდლობით. ბელაქნის

წყალთან ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს და რჯულისა და ადათის შემაგინებელი

კონსტანტინე მოკლეს, ხოლო ყიზილბაშთა ლაშქარი გააქციეს (ქართველებმა უარი

განაცხადეს ბრძოლის გაგრძელებაზე, რადგან მრისხანე შაჰ-აბასთან ურთიერთობა აღარ

გაამწვავეს). ქეთევანმა უკეთური კონსტანტინეს გვამის მაჰმადიანური წესით დამარხვა

უბრძანა და კახეთის სამეფოს ჩაუდგა სათავეში.

ქეთევან დედოფალი მყუდროდ და მშვიდად განაგებდა კახეთს. მან პირველ რიგში

ელჩების ხელით ძღვენი გაუგზავნა შაჰ-აბასს და მისწერა: მეფეო, გამოგზავნე ჩემი ძე,

თეიმურაზი, რადგან შენთვისაც უკეთესია შენთან გაზრდილის გამეფება, თუ არა ეს სამეფო

6

განუდგება შენს მფარველობასა და სულთანს დაემორჩილებაო. შეშფოთებულმა შაჰმა

თეიმურაზი დაიბარა და უთხრა: ბოროტ კონსტანტინეს, რომელიც მე სამშვიდობოდ

გავუშვი, მოუკლავს მამა და ძმა, მაგრამ კახელებს პასუხი მოუთხოვიათ მისთვის და იგიც

მოუკლავთ. ეხლა სასწრაფოს წადი, რომ რამე შფოთი არ ჩამოვარდესო. მან დაასაჩუქრა

თეიმურაზი და თანმხლებ კახელებთან ერთად სასწრაფოდ სამშობლოში გამოუშვა.

მოულოდნელად მოვიდა ჭაბუკი თეიმურაზი ქიზიყს და იქიდან აცნობა დედას სამშობლოში

დაბრუნება. შემდეგ გრემშიც მივიდა და „იყო სიხარული დიდი დედაშვილისაგან და

ყოველთა კახთა, მერმე მოვიდა და ეკურთხა ბოდბეს“. შაჰ-აბასი დათანხმდა, რომ

თეიმურაზის მეფედ კურთხევა ქრისტიანული წესით ჩატარებულიყო (მემატიანის ცნობით,

შაჰი ამ კურთხევას თვითონაც დასწრებია). ვახუშტი წერს: „დაჯდა მეფედ 16 წლის მეფე

თეიმურაზი და განაგებდა კახეთსა...“. ქეთევან დედოფალმა თეიმურაზს მიანდო სამეფო და

თვით სულიერ ღუაწლს შეუდგა.

იმავე წელს (1606 წ) ქართლის მეფის გიორგი X-ის უეცარი გარდაცვალების შემდეგ

(მაჰმადიანობის მიუღებლობისთვის შხამი შეასვა ვერაგმა შაჰ-აბასმა და მოკლა), ქართლის

ტახტზეც ქრისტიანი მეფე - 14 წლის ლუარსაბ გიორგის ძე (წმინდა მოწამე მეფე ლუარსაბ II,

ხს. ძვ. 21/VI; ახ. 4/ VII) დაამტკიცა შაჰმა. მეფე გიორგის ჰყავდა სამი ასული: ელენე, ხორეშანი

და თინათინი. ელენე მიათხოვეს რუსთა მეფის, ბორის გოდუნოვის შვილს - თეოდორეს,

ხოლო თინათინი შაჰ-აბასმა ახლად გამეფებულ ლუარსაბს მოსთხოვა ცოლად და „მისცა დაი

თვისი თინათინ და ესვა ცოლად შააბაზ“. და უწოდეს მას სახელად ლელა.

ევროპელი მისიონერები ხშირად აქებენ თეიმურაზს მეფეს და მიუთითებენ მის

მაღალ განათლებაზე: „თეიმურაზი - წერს ერთ-ერთი მათგანი - მშვენიერი შეხედულებისაა,

სახის კანის ფერი თეთრი, არწივისებური ცხვირი, დიდი და მრგვალი თვალები, სიმაღლით -

საშუალოზე მაღალი, ტანში გამართული, თავაზიანი, მეტად ზრდილობიანი, ბევრი ენის -

ქართულის, თურქულის, სპარსულის ცოდნით დამშვენებული, რომელზედაც ენაწყლიანად

მეტყველებს; მოლაპარაკების დროს ნიჭიერი, ბრძოლებში მამაცი, შესანიშნავი პოეტი...“

ჭაბუკმა მეფემ ცოლად მამია გურიელის ასული ანა მოიყვანა, რომელთანაც ეყოლა - ლევანი

და ალექსანდრე. 1610 წელს ანა გარდაიცვალა. შაჰის დაჟინებული რჩევით, რაც

ძალდატანებასაც ნიშნავდა, თეიმურაზმა ცოლად ქართლის მეფის ლუარსაბის და - ხორეშანი

შეირთო, რომელიც ნათესავადაც ერგებოდა (პაპიდაშვილები იყვნენ).

ამასობაში ოსმალთა ლაშქარი დამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდა ირანელებთან

ბრძოლაში. შაჰ-აბასმა 1606 წელს დაიკავა განჯა და ირანელთა ლაშქარმა გეზი თბილისისკენ

აიღო. თბილისში მყოფი თურქები უბრძოლველად დანებდნენ ირანელებს. ამ გამარჯვების

შემდეგ თვით შაჰ-აბასი ჩამოსულა თბილისში.

შაჰმა რამდენიმე წლის განმავლობაში დაიკავა აზერბაიჯანი, სომხეთი, აღმოსავლეთ

საქართველო, ქურთისტანი და ლურისტანი. ირანელთა დიდი წარმატებები განპირობებული

იყო არა მარტო შაჰ-აბასის მიერ გატარებული სამხედრო რეფორმით, არამედ იმითაც, რომ

7

XVII ს-ის დასაწყისში თურქეთი ძლიერ დასუსტებული იყო საშინაო ბრძოლებითა და

ცალკეული დიდი აჯანყებებით, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკა განადგურდა. 1612 წელს

თურქეთი იძულებული გახდა ირანთან ზავი დაედო, რომლის ძალითაც ირანი ინარჩუნებდა

ახლად დაპყრობილ ტერიტორიებს და ვალდებულებას კისრულობდა, კომპენსაციის სახით

თურქეთისთვის ყოველწლიურად 59000 კგ ხამი აბრეშუმი გაეგზავნა.

შაჰ-აბასი ზავის პირობებით უკმაყოფილო იყო. ამავე დროს ირან-ოსმალეთის

წინააღმდეგობა კვლავაც გრძელდებოდა. ასეთ ვითარებაში მის მთავარ მიზანს საქართველოს

დაპყრობა-დამორჩილება შეადგენდა. თუ აქამდე ყიზილბაშები საქართველოს „მოკავშირედ“

გამოდიოდნენ, თურქებთან ზავის დადების შემდეგ შაჰს აღარ აკმაყოფილებდა ქართლ-

კახეთის სამეფოების ვასალური დამოკიდებულება, შაჰმა გადაწყვიტა ქართველების აყრა-გა-

დასახლება და მათ მიწა-წყალზე თურქმენების ჩამოსახლება, ქართლ-კახეთის სამეფოების

გაუქმება და საქართველოს ირანის სახანოდ გადაქცევა. თუ ადრე საქართველო იდგა

„გათურქების“ საშიშროების წინაშე, ახლა მას „გაყიზილბაშებას“ უპირებდნენ. შაჰ-აბასი

სხვადასხვა ხერხს მიმართავდა თავისი მიზნის მისაღწევად. მან ლუარსაბ ქართლის მეფეს

წერილი მისწერა: თეიმურაზი მოჰკალ და კახეთიც შენ დაიჭირეო. ასეთივე ხასიათის

წერილი მისწერა კახეთის მეფე - თეიმურაზ I-ს, მაგრამ საქართველოში მიმხვდარან შაჰის

მზაკვრობას. შაჰი ცდილობდა არა მარტო ქართლისა და კახეთის წაკიდებას, არამედ ყოველ

ღონეს ხმარობდა თვით სამეფოების შიგნით განხეთქილების ჩამოსაგდებად. იგი

მფარველობდა ქართველი მეფეების მოწინააღმდეგე სხვადასხვა ფეოდალურ დაჯგუფებებს,

რის გამოც ირანის სამეფო კარზე მრავლად იყვნენ თეიმურაზისა და ლუარსაბის მიერ

გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები. ამავე დროს, შაჰ-აბასი, რო-გორც

გამოცდილი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, ცდილობდა სხვადასხვა გზით საქართველოდან

გაეყვანა გამოჩენილი სახელმწიფო, საზოგადო და სამხედრო პირები, რომლებიც მეტად

საჭირონი იყვნენ თავიანთი ქვეყნისათვის და ირანში დაეტოვებინა. დიდი გამარჯვება იყო

ირანის მბრძანებელისათვის გამოჩენილი ქართველი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის

ირანში გადახვეწა. მან დიდი პატივით მიიღო სააკაძე. გიორგის კი სურდა შაჰის ძალა თავისი

პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასამარცხებლად და გაერთიანებული საქართველოს

შესაქმნელად გამოეყენებინა.

თეიმურაზისაგან შაჰის მიერ შერჩეული მეუღლის შერთვის შემდეგ შაჰმა თავისი

დაფარული გულისწყრომის გამომჟღავნების მიზეზი იპოვა - ცილი დასწამა თეიმურაზს,

თითქოსდა მას წაერთმიოს მისთვის საცოლე და „მძვინვარედ მბორგალი შემკრებელი სპათა

იქმნა და წამოვიდა საქართველოსა ზედა და თანა წამოიყვანა გიორგი სააკაძე, თავისი

სიმამრით, ნუგზარ ერისთავით, ორგულნი მემკვიდრისა მეფისა თვისისა...“.

1613 წელს შაჰ-აბასმა დაიწყო ლაშქრობა საქართველოში. ირანის მბრძანებელი

გზადაგზა ნადირობდა, მისი დიდი ლაშქარი ნელ-ნელა მოძრაობდა. შაჰი ხმებს ავრცელებდა

ოსმალეთის წინააღმდეგ სალაშქროდ ვემზადებიო. ამავე დროს, ოსმალეთის სულტანს

აცნობა, რომ დარხეული ხმები სინამდვილედ არ მიეღო და ეს ამბავი ზავის დარღვევად არ

8

მიეჩნია. მალე ირანელთა ლაშქარი ყარაბაღში შევიდა, ხოლო იქიდან განჯაში გადავიდა და

ზამთარი იქ გაატარა.

შაჰ-აბას I-მა თეიმურაზს შიკრიკი გაუგზავნა და შეუთვალა, რომ ოსმალეთში

ლაშქრობას ვაპირებ და გული რომ იმედიანად მქონდეს, მძევლად შენი შვილი

გამომიგზავნეო. თეიმურაზს არ უნდოდა შვილის მძევლად მიცემა, რადგან იცოდა, რომ შაჰ-

აბაზი დაუნდობელი და ცბიერი კაცი იყო, მაგრამ დიდებულებმა მხარი არ დაუჭირეს,

რადგან საქართველოს ძალა არ შესწევდა უკუექცია მტერი, და იგი იძულებული გახდა

უმცროსი ვაჟი ალექსანდრე, რომელიც სამ-ოთხი წლისა იქნებოდა, შაჰთან გაეგზავნა, და

დედაც თან გაეყოლებინა - უფრო პატივს დამდებს და „არა აწყენს შვილსა ჩემსაო და შეეხვეწა

გაუწყრომლობასა“. ხალხიც სთხოვდა ქეთევანს: „წარვედ, ჰოი დედოფალო, წარვედ და

გვიხსენ ჩუენ“. წმინდა ქეთევანიც უყოყმანოდ დათანხმდა „ერთგულებისათვის მამულისა და

მშვიდობით დაცვისათვის ერთა თვისთა“. გამგზავრების წინ დედოფალს გურჯაანის

ყველაწმინდის ტაძარში მხურვალედ ულოცია.

განჯაში მყოფი შაჰ-აბასი, როდესაც ქეთევან დედოფლისა და ყრმა ალექსანდრეს

მისვლა შეატყობინეს, ძლიერ განრისხებულა და თეიმურაზისთვის შეუთვლია: ძიძა ხომ არა

ვარ... რომ ასეთი პატარა ყმაწვილი გამომიგზავნე, თუ ჩემთან მშვიდობის დამყარება გსურს

უფროსი შვილი წარმომივლინე და მე პატივს ვსცემ დედაშენს და უკან გამოგიგზავნიო. არც

ლევანის გაგზავნა უნდოდა თეიმურაზს, და დედამისსაც საიდუმლოდ შემოეთვალა ლევანის

გაუგზავნელობა, მაგრამ, ვინაიდან კახეთის სამეფოს განადგურება ემუქრებოდა სპარსეთის

მრავალრიცხოვანი ჯარისაგან, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მეფემ, საშიშროების

თავიდან აცილების მიზნით უფროსი შვილი ლევანიც, რომელიც სულ 5-6 წლისა იქნებოდა,

ირანში გაგზავნა და თან დავით ასლანიშვილი აახლა. როცა შაჰმა თეიმურაზიც ისფაჰანს

დაიბარა, ნათელი გახდა, რომ იგი ბაგრატიონთა კახური შტოს ამოწყვეტასა და კახეთის

აოხრებას ლამობდა და თეიმურაზიც აღარ ეახლა. აი, მაშინ კი დატრიალდნენ კახელები და

სასწრაფოდ შეუდგნენ ჯებირების მშენებლობას, მაგრამ უკვე გვიან იყო.

შაჰ-აბასმა კახეთის დედოფალი შესაფერისი პატივით მიიღო. ქეთევანი კი, როგორც

დიდ მბრძანებელს, ღირსეულად მიესალმა მას, მაშინ არსებული წესის თანახმად შეაქო, და

გულმხურვალედ შეავედრა თავისი პატარა სამეფო და დიდად ტანჯული ერი. მაგრამ ვაი,

რომ ქეთევან დედოფლის წინაშე სასტიკი და შეუბრალებელი ტირანი იჯდა, რომელსაც

ქართველი ხალხის სისხლი სწყუროდა. შაჰმა ჰკითხა ქეთევანს თუ რატომ არ ეახლა თვითონ

თეიმურაზი. ბრძენმა დედოფალმა მიუგო, რომ ერთგულების ნიშნად თეიმურაზმა შაჰს ანდო

ყველაზე ძვირფასი, რაც კი მას გააჩნდა თავის ცხოვრებაში - საკუთარი დედისა და შვილების

სიცოცხლე და იქვე წარუდგინა შაჰს თეიმურაზის ყრმა შვილები. შეავედრა მათი სიცოცხლე

და წარმოსთქვა: ხელმწიფევ! დააცხრეთ თქვენი მრისხანება და მოგვეცით საშუალება

მშვიდობიანად ვიცხოვროთ. ჩემი შვილი თეიმურაზი უმორჩილესად თხოვს თქვენს

უდიდებულესობას ამას. ვიმედოვნებ, რომ თქვენი უდიდებულესობა არ ისურვებს ჩემი მისია

უშედეგოდ დამთავრდეს და ნებას დამრთავს დავბრუნდე ჩემს შვილთან და ჩემს ხალხთან,

9

მათთვის მეტად სასურველი ზავით, რისთვისაც ისინი ქებას შეასხამენ თქვენი

უდიდებულესობის კეთილმოსურნეობას, სამართლიანობასა და კეთილშობილებასო. შაჰი

ჩაფიქრდა. მასში კიდევ უფრო აენთო რისხვა, მაგრამ მძვინვარება დამალა, პირდაპირ პასუხს

თავი აარიდა, რამდენიმე თვალთმაქცური სიტყვა უთხრა და შვილიშვილებთან ერთად

განჯიდანვე აშრაფს წარავლინა.

ვერაგი შაჰი თავისი ლაშქრით სწრაფად დაიძრა განჯიდან, გადმოლახა მტკვარი და

1614 წლის გაზაფხულზე კახეთში შეიჭრა. კახეთი მტერს მოუმზადებელი შეხვდა. ნაწილი

კახთა დიდებულებისა შაჰ-აბასს ეახლა და მისგან საჩუქრებით ხელდამშვებნებული განზე

გადგა. თეიმურაზი მრავალრიცხოვან მტერთან რამდენიმე შეტაკების შემდეგ იძულებული

გახდა ქართლში გადასულიყო. მუხრანში თეიმურაზს ამალითა და მცირე ჯარით

ელოდებოდა ქართლი მეფე ლუარსაბი, გამოირკვა, რომ არც ქართლს შეეძლო

წინააღმდეგობის გაწევა. ქართლისა და კახეთის მეფეები იქაურობას გაეცალენ და თავი

იმერეთს შეაფარეს. ამით განრისხებულმა შაჰ-აბასმა ხელი მიყო კახეთის აოხრებას. „ვინა

უკუე აღირიცხნეს“ - იტყვის წმინდა ქეთევანის ცხოვრების აღმწერი, - მაშინდელნი

განსაცდელნი კახეთისა ანუ მეფეთა სახლისა, მოოხრებანი და განრყვნანი წმიდათა

ეკლესიათაი და მონასტერთაი, ანუ გარდასახლებანი ყოველთა სოფელთა კახეთისათა და

სიკვდილი და კლდეთა და ხვრელთა შინა ქუეყანისაითა დაფარული შიმშილი, ანუ მახვილი,

ტყუეობაი; მაშინ შეგინებანი ქალწულთაი, სიკვდილი მოხუცებულთაი... მებრძოლთა

ჭაბუკთაი... მღვდელთაი და დიაკვანთაი და თვით ეპისკოპოსთაცა და ტყუეობაი მათი და

დახოცვაი ჩჩვილთაი და ცეცხლითა მოსპობაი ყოვლად შუენიერისა მის ქალაქისა გრემისაი

და ყოველთა ქალაქთა და სოფელთა კახეთისაითა“.

ქალაქი გრემი იმდენად კეთილმოწყობილი და გამშვენიერებული ყოფილა, რომ

სპარსელი ისტორიკოსი მას „სამოთხის ბაღს“ უწოდებს. აქედან ყიზილბაშები გადასულან

ალავერდის ეკლესიაში, რომელსაც მოუხიბლავს სპარსელები. აქ შაჰს აცნობეს, რომ კახეთის

განძი თიანეთის ერთ მიუვალ ციხეში ინახებოდა: ერწო-თიანეთის მოსახლეობამ დიდი

წინააღმდეგობა გაუწია ირანელებს, მაგრამ ბოლოს, ყიზილბაშებმა ციხე აიღეს, თვალ-

მარგალიტი და ძვირფასეულობა ხელში ჩაიგდეს, ხოლო ეს ადგილები ააოხრეს და

გადაბუგეს. მარტო ერწო-თიანეთიდან ყიზილბაშებმა ოცდაათი ათასამდე ტყვე და ორმოცი

ათასამდე ხარი, ძროხა და ხარი გაიყვანეს. 50 დღის განმავლობაში ირანის ჯარებმა კახეთი

ააოხრეს და აიკლეს.

შაჰმა კახეთის მმართველად ირანში აღზრდილი და გამუსლიმანებული

ბატონიშვილი ისა-ხან-მირზა (თეიმურაზის ბიძაშვილი, გიორგის შვილი) დანიშნა, ხოლო

თვითონ ქართლისაკენ დაიძრა, და გორისა და სურამის ციხეები დაიკავა. იგი იმერეთის

მეფეს დაუკავშირდა და თეიმურაზისა და ლუარსაბის გადაცემა მოსთხოვა. იმერთა მეფემ

თავის ძვირფას სტუმრებს არ უღალატა, და რადგან იმერეთი თურქეთის გავლენის ქვეშ იყო

მოქცეული, მისი ხელყოფა ირანის მხრიდან ოსმალეთთან დაპირისპირებასა და ზავის

პირობების დარღვევას ნიშნავდა. ცბიერი შაჰი მიხვდა, რომ გამოცდილსა და ჭკვიან

10

თეიმურაზს ვერ შეაცდენდა, მთელი ყურადღება მეფე ლუარსაბის ხელში ჩაგდებაზე

გადაიტანა, და მისი იმერეთიდან ჩამოყვანა შადიმან ბარათაშვილს დაავალა, რომელმაც

ლუარსაბ მეფე შაჰთან ხლებაზე დაიყოლია. შაჰ-აბასი იმერეთის საზღვარზე მიეგება

ქართლის მეფეს. გორიდან შაჰის ლაშქარი თბილისს ჩავიდა, იქიდან კი ირანს დაბრუნდა.

შაჰმა თან გაიტყუა ლუარსაბ მეფე (7 წელი საპყრობილეში ყავდა დამწყვდეული და მერე

საბლით მოაშთობინა), ხოლო რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი, „შაჰისევანის“ ლაშქარში

ძალით ჩარიცხა, თავიაანთ ოჯახებთან ერთად. დიდი რაოდენობით გაიყვანა ქართველი

ტყვეები და დიდი ნადავლიც გაიტანა.

შაჰმა ქართლში და კახეთში ვერავინ დასვა მეფედ, რადგან ლუარსაბს არც შვილი

ჰყავდა და არც ძმა, ამიტომაც ქართლი დარჩა უბატონოდ. „თავადნი თვის-თვისად მხარესა

მთავრობდენ და ბატონობდენ ურთიერთას იგინი“. კახეთი კი ნოდარ ჯორჯაძესა და დავით

ასლანიშვილს ჩააბარა, თუმცა მათ გამოიჩინეს ერთგულება მეფისა და მამულისა და სამ

თვეში იმერეთიდან მეფე თეიმურაზი ჩამოიყვანეს და კახეთში გააბატონეს.

„ქართლის ცხოვრების“ ცნობით შაჰ-აბასმა „მისრულმან აშრაფს წარავლინა დედა და

ძენი თეიმურაზისანი შირაზს პატიმრად“, თუმცა ევროპელი მისიონერების ცნობით ქეთევან

დედოფალი შვილიშვილებითურთ ქ. აშრაფში 6 თვე იმყოფებოდა, შემდეგი 3 თუ 4 წელი კი

სპარსეთის სხვადასხვა ქალაქებში ყავდათ დაპატიმრებული, და მხოლოდ ამის შემდეგ,

დაახლოებით 1617 წლის სექტემბერში ჩაუყვანიათ შირაზში.

გამაჰმადიანებულმა ქართველმა, შირაზის მმართველმა იმამ ყული ხან უნდილაძემ

დიდი პატივით მიიღო დედოფალი. თავის სასახლეშივე მოუმზადა მას სახლი, რომელშიც

მოათავსა იგი თავისი ამალით. აქვე შეარჩიეს ერთი ოთახი ეკლესიისათვის. დიდად საპატიო

სტუმარი არისო ჩვენი, ის კი არ არის ტყვე, ჩვენ ვართო მისი ტყვეებიო - ამბობდა

ნაქართველარი თათარი. სამშო-ბლოს ხვედრით შეძრწუნებული ქეთევან დედოფალი

არამარატო დღისით, არამედ ღამითაც დგებოდა და თანმხლებ ქალებთან ერთად ჯვარცმულ

მაცხოვარს ავედრებდა თავის ტანჯულ ქვეყანას, ყვავ-ყორნებივით რომ შესეოდენ და

კორტნიდენ უსჯულო მტრები. როგორც ცნობილია მას თან ჰქონდა წაღებული მაცხოვრის

ჯვარცმა და ღმრთისმშობლის ხატი.

დედოფლის ამალაში იყო იყო „ქართველი მღვდელი, - წერს პიეტრო დელა ვალე, -

სოლიდური პიროვნება, რომელიც სულიერად ამხნევებდა მას და მის თანმხლებ პირებს. აქვე

იყო მეორე მღვდელიც“. დედოფლის ერთ მღვდელს ერქვა გიორგი, რომელიც ამავე დროს

იყო მისი მსახურთუხუცესი და თვალყურს ადევნებდა მის ამალას. მეორე მღვდელს ერქვა

მოსე, რომელიც დედოფლის მოძღვრად ითვლებოდა. ქეთევან დედოფლის მღვდელს ასე

ახასიათებს პორტუგალიელი ელჩი დონ გარსია დე სილვა ი ფიგეროა, რომელიც მაშინ

შირაზში იმყოფებოდა: „ქეთევან დედოფლის მსახურთა შორის იყო ერთი მღვდელი, მისი

მოძღვარი წმინდა ბასილის წესისა, სახელად მოსე, რომელიც თავშეკავებულობითა და

სიტყვიერი ზომიერებით ჰქმნიდა ნამდვილი მღვდელმსახურის სასოებას, რაღაც იმის

11

მსგავსს, რასაც ძველად ეკლესიის ბერებს მიაწერდნენ. ვინაიდან, გარდა იმისა, რაც

გარეგნულად ჩანდა, მასში ამოიკითხავდით ცხოვრების წმინდა წესს და წესჩვეულებათა

სიმარტივეს, ხოლო ეს ხდიდა მას იმის ღირსად, რომ ჩვენს ევროპელ მღვდლებს მისთვის

მიებაძათ...“

მამა მოსე და მამა გიორგი ამ ოთახ-ეკლესიაში ხშირად აყენებდნენ წირვას.

ამასთანავე დედოფალს უკითხავდნენ სახარებას, მოციქულთა ეპისტოლეებს, სხვადასხვა

ლოცვებს, ქადაგებებსა და წმიდათა ცხოვრების ამბებს... ქეთევან დედოფალს თავისთან

მთელი რიგი საეკლესიო წიგნი ჰქონია (უნდა ვიგულისხმოთ ხელნაწერის სახით)“. დონ

გარსია დე სილვა ი ფიგეროა წერს, რომ მას ქეთევან დედოფლის მღვდელმა მოსემ მოუტანა

ორი ქართული ხელნაწერი მშვენიერი, მოოქრულ ყდაში ჩასმული წიგნი, რომელთაგან

ერთში იყო ძველი აღთქმა თავისი ფსალმუნით, ხოლო მეორეში - სახარება, სამოციქულო

აქტები და წმინდა წერილები, ორივე ქართულ ენაზე. ეს წიგნი პიეტრო დელა ვალესაც

უნახავს ქეთევან დედოფალთან ყოფნის დროს.

ქეთევან დედოფალი - „ეს ღმრთისმოსავი ქალბატონი იყო საშუალო ტანის,

დაახლოებით ორმოცი წლის (როდესაც სპარსთა ტყვეობაში ჩავარდა). დადიოდა მლოცველის

ჯოხით ხელში, თალხით შემოსილი, თავი და კისერი შავი ვუალით ჰქონდა დაფარული. იგი

იყო უაღრესად ლამაზი და უაღრესად სერიოზული სახისა; იგი უეჭველად არა პატარა

სამეფოს, არამედ მთელი იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო. მისი არაჩვეულებრივი სინაზე

და სიმშვიდე უდიდეს სიამოვნებას გვრიდა ყველას, ვისაც კი იგი უნახავს. მისი ლამაზი და

მრგვალი თვალებიდან აშკარად ჩანდა მისი სულისკვეთება, მრთეებრივი მადლი და

ღმრთისმოსაობა... დედოფალი იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, თუ მიიწვევდნენ ხანის

სასახლეში ანდა თვითონ წავიდოდა ხანის ჰარამხანაში, სადაც მიდიოდა იმისთვის, რომ

ენახა ქართველი ქალები, რომლებიც ასევე ტყვეობაში იყვნენ და, რათა დიდის

გულმოწყალებით დაემშვიდებინა ისინი, მოუწოდებდა რა მათ შეენარჩუნებინათ

ქრისტიანული სარწმუნოება, რომელშიც ისინი აღიზარდნენ“. სხვა შემთხვევაში დედოფალი

ჩვეულებრივად თავის ბინაში იმყოფებოდაო, წერს ამბროსიო დუშ ანჟუში - „ქეთევან

დედოფალი იყო წყნარი და კეთილგონიერი პიროვნება, მამაკაცებს არ ხვდებოდა,

ლოცულობდა ღმერთზე და სწამდა, რომ მხოლოდ იგი დაეხმა-რებოდა მას თავისი საქმეების

ბრწყინვალედ დასრულებაში. სწორედ ამით დაიმსახურა მან კეთილი ადამიანის სახელი

მთელ ქალაქში, სადაც ყველა ლაპარაკობდა მხოლოდ მის ჩაფიქრებულობაზე და

სათნოებაზე. ქეთევან დედოფლის 50-მდე (სხვა ცნობით, 40-მდე) თანმხლები პირი, ისევე

როგორც თვითონ დედოფალი, მეტად ხელმოკლედ ცხოვრობდნენ“. მადრიდის ეროვნულ

ბიბლიოთეკაში შემონახულ საბუთში ვკითხულობთ: „სასიამოვნო იყო ქეთევან

დედოფალთან საუბარი, მისი საუბარი იყო წმინდა, ადამიანებისადმი ერთგულების

სულისკვეთებით განმსჭვალული... დედოფალი თავის ნატიფ სულს მარხვითა და ლოცვით

იმტკიცებდა და სხეულს მომავალი წამებისათვის ამზადებდა. ტყვე ქრისტიანებს, რომლებიც

სპარსეთში მრავლად იყვნენ, დედოფალი იესო ქრისტეს რწმენისა ერთგულებისაკენ

12

მოუწოდებდა. თუ გაიგებდა, რომ ვინმემ რწმენას უღალატა, ამ ამბავს დიდად განიცდიდა.

დედოფალს რაც კი გააჩნდა და რასაც უწყალობებდნენ თავის სარჩენად, ქრისტიანებს შორის

ანაწილებდა და თვითონ დიდის თანაგრძნობით იზიარებდა მათ ჭირსა და განცდას“.

აღსანიშნავია, რომ ირანში არ არსებობდა არც ერთი ქართული

(მართლმადიდებლური) ეკლესია, მაშინ, როცა მრავლად იყო სომხური და კათოლიკური

ეკლესიები (ამ დროს სპარსეთში წმ. ავგუსტის ორდენის სამი მონასტერი არსებობდა -

ისფაჰანში, შირაზსა და ბოსორაში). ეკლესიაში ლოცვას დანატრებული ქეთევან დედოფალი

განუწყვეტლივ ლოცულობდა. განსაკუთრებით მოწიწებით იგი ლოცულობდა

ღმრთისმშობელზე და სთხოვდა თავის წილხვედრი საქართველოს მტერთაგან

განთავისუფლებასა და გადარჩენას“.

როგორც ყოველთვის, მარად შეუდრეკელმა ქართველებმა კვლავ დაიწყეს მზადება

მტრის უღლისაგან განთავისუფლებისათვის. ახლა მათ თურქეთთან კავშირით სურდათ

ყიზილბაშების განდევნა საქართველოდან. ოსმალეთი უკმაყოფილო იყო ზავის პირობებით

და ომის განხლებაზე ფიქრობდა. ამიტომ ოსმალეთის მესვეურებმა შეუთვალეს კახელებს

აჯანყებულიყვნენ. საქართველოში უკვე მომზადებული იყო ნიადაგი ამისთვის და 1615

წლის 15 სექტემბერს, ალავერდის სადღესასწაულო წირვის შემდეგ კახელები აჯანყდნენ.

ალავერდის წმინდა ეკლესია და მისი გალავანი ირანელებს ციხესიმაგრედ ჰქონდათ

გადაკეთებული და იქ ყიზილბაშები იდგნენ. 15 სექტემბერს, ამ ეკლესიის დღესასწაულის

დღეს, ყიზილბაშებმა კახეთის მმართველის მოადგილის დავით ჯანდიერის ხათრით

ქართველები ეკლესიაში სალოცავად შეუშვეს. წირვის დამთავრების შემდეგ, დათქმულ

ნიშანზე ქართველებმა ტანსაცმელში დამალული იარაღი გამოაჩინეს და ყიზილბაშებს მუსრი

გაავლეს. თეიმურაზი აჯანყებას სათავეში ჩაუდგა და კახეთის სპარსთაგან გაწმენდას

შეუდგა. აჯანყდა შირვანიც, რომლის მეთაურმაც თეიმურაზს ერთგულება გამოუცხადა.

აჯანყებულებმა კახეთი და შირვანი ყიზილბაშებისაგან გაათავისუფლეს.

შაჰ-აბასმა შეიტყო რა საქართველოში დაწყებული აჯანყების ამბავი და ამავე დროს

ისიც, რომ ოსმალეთის ლაშქარი საზღვარზე იზამთრებდა და ირანზე თავდასხმას არ

აპირებდა, 15.000-იანი ლაშქარი გაგზავნა საქართველოში. თეიმურაზმა თვითონ უსარდლა

ქართველთა 6.000-იან ლაშქარს, წიწამურთან შეება მტერს და ცხარე ბრძოლაში სძლია.

ყიზილბაშები გარბოდნენ, ქართველები კი ფეხდაფეხ მისდევდნენ და ანადგურებდნენ.

ქართველებმა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ, საშოვარი ისე გაიაფდა, რომ სანახევროდ

წამღები არ იშოებოდა. „აქლემი ერთ აბაზად გაისყიდაო“ - წერს ქართველი ისტორიკოსი

ფარსადან გორგიჯანიძე.

გამძვინვარებულმა შაჰ-აბასმა ქართველთა ამოგდება განიზრახა და საგანგებოდ

მოემზადა სალაშქროდ. მან ძირითადი სამხედრო ძალების საქართველოში გადასროლა

გადაწყვიტა, რადგან აჯანყება საშიშ ხასიათ ღებულობდა. სპარსელებს ხელს უწყობდა ის

გარემოებაც, რომ ოსმალეთის ლაშქარი პასიურად მოქმედებდა და საქართველო, რომელსაც

13

თურქეთი აქეზებდა და დახმარებას პირდებოდა, ფაქტიურად მარტო აღმოჩნდა ირანის

პირისპირ.

1616 წლის გაზაფხულზე შაჰი დიდძალი ლაშქრით საქართველოსკენ წამოვიდა.

ყიზილბაშებმა კახეთს ორი მხრიდან შეუტიეს: დასავლეთიდან, ქართლის მხრიდან შაჰ-აბასი

და იუსუფ-ხანი, ხოლო აღმოსავლეთიდან შირვანის ბეგლარ-ბეგი უნდა შეჭრილიყო

კახეთში. შაჰი ქართლში შემოიჭრა და თბილისს მოვიდა. ქართლის მმართველად სვიმონ

მეფის ძმისშვილი, ბაგრატ-ხანი (დაუდ-ხანის შვილი) დაადგინა, ხოლო დაღესტნელებს

შეუთვალა: კახეთის ამოწყვეტა მსურს და ვინც თქვენს მხარეში გადმოვა, დაატყვევეთო.

ლეკებმაც სიხარულით აღუთქვეს. შაჰ-აბასმა ხერკსა და ერწო-თიანეთს თბილი-სიდან დიდი

ლაშქარი გაგზავნა, თვითონ კი კახეთში გადავიდა და იქ დაბანაკდა.

თეიმურაზი ვარაუდობდა, რომ ოსმალეთის ლაშქარი, რომელიც ალეპოს

მიდამოებში იყო განლაგებული, შეტევას დაიწყებდა მაგრამ, მას იმედები არ გაუმართლდა,

კახელმა თავადებმაც აღარ მოისურვეს შაჰ-აბასის უზარმაზარ არმიასთან შებმა, და

თეიმურაზი იძულებული გახდა თავისი ამალით იმერეთს გადასულიყო. „გარნა გაჰყვნენ

დიდნი და მცირედნი დედა-წულითურთ“.

ქვეყანა უდიდესი განსაცდელის წინაშე დადგა. ირანელ მოლაშქრეებს ნაბრძანები

ჰქონდა ქართველთაგან არც ერთი ცოცხალი არ გაეშვათ, ქალები და ბავშვები ტყვედ

წამოეყვანათ, ხოლო ქონება, რაც ხელში ჩაუვარდებოდათ, მუსლიმანთა დავლა იქნებოდა.

ქართველები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ მრავალრიცხოვან მტერთან ვერას

გახდნენ. ქალაქი ძაგემი (ზაგემი), რომელიც ჰერეთში, ახლანდელ საინგილოში, ზაქათალას

მახლობლად მდებარეობდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო,

სპარსელებმა სრულიად აღგავეს პირისაგან მიწისა. „მოსრა, მოსტყვენა, აჰყარნა და მოაოხრა

ეკლესიანი, ხატნი და ჯვარნი შეჰმუსრნა და დაამტვრია, რაოდენი დაუშთა პირველ და

წარმოიღო ნაცარცვი და ნატყუენავი მისი და სამკაულნი მათნი ჰყო ხარჭათა თვისთა

აღსამკობელად“.

აღნიშნული ოთხი შემოსევის დროს (1614-1617) კახეთმა უდიდესი და

გამოუსწორებელი ზარალი ნახა: თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, დარჩენილმა

ნაწილმა „ტყეებსა და ჯაგებს“ შეაფარა თავი. ასი ათასამდე მტერს შეაკვდა, „რომელნიმე

ლეკთა ამოსწყვიტეს და დაატყვევეს და რომელნიმე მორჩეს თუშეთს, ფშავს და ხევსურეთს“.

ხუთასი ათასი შეიპყრეს, ცოლ-შვილიანად აჰყარეს, წაასხეს.... და ირანის შიდა

პროვინციებში: საზანდარას, ხვარასანსა და ფერიას (ფერეიდანს) მიმოჰფანტეს.

XVII ს-ის ევროპელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე აგვიწერს ქართველთა ირანში

გადასახლების ამბებს: „რა მდგომარეობა მოჰყვა ამ საზარელ გადასახლებას, რამდენი

სიკვდილი, საშინელი გაჭირვებისაგან, რამდენი წყვეტა-ჟლეტა... რა გახრწნა, რა

ძალდატანება... რამდენი ბავშვი მოჰგლიჯეს დედის ძუძუს და დაჰყარეს გზებზედ მხეცების

შესაჭმელად, ცხენებისა, აქლემებისა და ჯორების ფეხქვეშ სასსრესად. რამდენი დააშორეს

14

მამა შვილს, ცოლი ქმარს, და ძმას და გაჰფანტეს ერთი ერთმანეთისაგან შორი შორს

ქვეყნებში, ისე, რომ ეს საწყლები საუკუნოდ იყვნენ იმედგაწყვეტილნი, ენახათ კიდევ

როდესმე ერთმანეთი. რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა პირუტყვზე უფრო იაფად.

რამდენი სხვა ამისთანები ხდებოდა ღირსი სიბრალულისა, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლი“.

კახეთი - საქართველოს ეს მდიდარი და აყვავებული კუთხე დაინგრა და მიწასთან იქნა

გასწორებული“, კახეთის დაცარიელებამა და დასუსტებამ შესაძლებლობა მისცა ლეკებს მის

ტერიტორიაზე ჩამოსახლებულიყვნენ. ასე ჩამოყალიბდა ჭარისა და ბელაქნის უბატონი

თემები, რომელიც ირანელი დამპყრობლების ერთგვარ დასაყრდენს წარმოადგენდა

საქართველოში.

შაჰ-აბასმა კახეთი ორად გაჰყო - ივრის აღმოსავლეთი მხარე განჯის მმართველს

ფეიქარ-ხანს ჩააბარა, ხოლო დასავლეთი ქართლის განმგებელს - ბაგრატ-ხანს.

დაცარიელებულ კახეთში თურქმანების ჩამოსახლება დაიწყეს. კახეთის გაუკაცრიელების

შემდეგ შაჰ-აბასი ქართლში გადავიდა, თეიმურაზის მომხრე თავადთა მამულები დაარბია და

ქართლის თავად-აზნაურთა შვილების დიდი უმრავლესობა თავის ჯარში გაიწვია, ტყვეებიც

დიდი რაოდენობით იგდო ხელთ და გამარჯვებული ირანში დაბრუნდა.

თეიმურაზი კი არათუ შედრკა, არამედ ყიზილბაშთა წინააღმდეგ დიდ ბრძოლას

სათავეში ჩაუდგა და შეეცადა ოსმალთა ჯარის დახმარებით მიეღწია თავისი მიზნისათვის.

მან დახმარებისთვის რუსეთსაც არა ერთხელ მიმართა (1615, 1618, 1624 წ.წ.). რუსეთი

შეეცადა დიპლომატიური გზებით ზეგავლენა მოეხდინა შაჰ-აბასზე, რათა მას თეიმურაზი

და ლუარსაბი თავიანთ სამეფოებში დაებრუნებინა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, დრო

კი არ ითმენდა. იმერეთის სამეფო კარზე მყოფმა შეჭირვებულმა თეიმურაზმა (იმერეთში

დაწყებული შიმშილობის გამო) დახმარება სთხოვა ხონთქარს და მანაც გონია და ახალციხის

რამდენიმე სოფელი უბოძა. თეიმურაზი ახალციხეში გადავიდა და თავის ნათესავს (დედის

მამიდაშვილს), მანუჩარ ათაბაგს ეწვია . შემდეგ „განიზრახა სტამბოლში წასვლა, ვინაიდგან

აღეთქვა ხონთქარს შეწევნა“ და აუწყა ათაბაგს, ხოლო ათაბაგმა მისცა მას ოლთისი.

თეიმურაზმა დედოფალი ხორეშანი და დედაწულნი კახთა“ ოლთისში დააბინავა, მათ

ნოდარ სახლთუხუცესი დაუტოვა და შვიდასი კაცით სტამბოლს გაემგზავრა.

როდესაც შაჰმა თეიმურაზის თურქეთში წასვლა შეიტყო, ძლიერ განრისხდა და 1618

წელს თეიმურაზის ვაჟები - ლევანი და ალექსანდრე, რომელთაც ტყვეობაში ქეთევან

დედოფალი ზრდიდა, ისფაჰანს ჩააყვანინა და დაასაჭურისებინა, რის შედეგადაც უმცროსმა

ვაჟმა ვერ გაუძლო ტანჯვას და გარდაიცვალა, ხოლო უფროსი ჭკუიდან შეიშალა.

(არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, ისინი არ მომკვდარან, არამედ აღიზარდნენ

მაჰმადიანურ წესზედ და მტკიცედ იცავდნენ მას). შაჰის მხრიდან თეიმურაზის შვილების

მიმართ ჩადენილი მხეცობის შესახებ ქეთევან დედოფალმა არაფერი იცოდა, რადგან იმამ

ყული ხანი უნდილაძე დიდი პატივით ეპყრობოდა და არ სურდა დაემძიმებინა მისთვის

ისედაც მწუხარე გული. დედოფალთან შეხვედრის წინ პიეტო დელა ვალე გაუფრთხილებათ,

რომ შვილიშვილების შესახებ არაფერი ეთქვა.

15

ამასაც არ დასჯერდა ცბიერი შაჰი და ერევნის ხანს, ამირ-გუნახანს უბრძანა

ოლთისში მყოფი თეიმურაზის ოჯახი* (*თეიმურაზს ხორეშანთან შეეძინა ოთხი შვილი:

დარეჯანი (ცოლი ზურაბ ერისთავისა, შემდეგ იმერთა მეფის გიორგის ძის ალექსანდრესი);

დავითი იგივე დათუნა (1648 წ.ყიზილბაშებმა მოკლეს ს. მაღაროსთან); თინათინი (შაჰ-სეფის

მეუღლე) და ქეთევანი (ჯერ ადილ-შაჰის, შემდეგ იბრაჰიმ-შაჰის მეუღლე)) ტყვედ აეყვანა და

მისთვის გაეგზავნა. მაგრამ საბედნიეროდ დედოფალმა ხორეშანმა სიზმრისეული ხილვით

შეიტყო განსაცდელის მოახლოების ამბავი და ციხეში გამაგრდა, „ხოლო განთიადს დაესხა

ამირ გუნახანი სპითა და, ვითარ ვერღარა რაი პოვა, უკუნ-იქცა და წარვიდა“. შეიტყო ეს

ამბავი ნოდარმა, რომელიც იმ დროს სხვაგან იმყოფებოდა, ერევნის ხანს დაეწია და სასტიკად

დაამარცხა, ალაფი აიღო და გამარჯვებული დაბრუნდა დედოფალთან. ამ ბრძოლაში თავი

გამოიჩინეს ქართველმა ებრაელებმაც.

სულთანმა მუსტაფამ დიდი პატივით მიიღო თეიმურაზი, ჯარით ვერ დაეხმარა,

მაგრამ მოსცა სარჩოდ სანჯახები (ადმინისტრაციული ერთეულია) და მრავალი წყალობა

უყო“. თეიმურაზი ცოლ-შვილთან დაბრუნდა, ხოლო ცოტა ხანში გონიოს გაემგზავრა.

1623 წელს შაჰ-აბასმა კვლავ განაახლა ომი თურქეთთან. მან დაიკავა ბაღდადი და

მთელი არაბული ერაყი (სპარსეთის ერაყს ირანის ცენტრალურ ნაწილს უწოდებდნენ). მალე

ირანის მფლობელობაში მოექცა ქალაქები: მოსული და ბასრა, შიიტების წმინდა ადგილები -

ნეჯეფი და ქერბალა. მან აღმოსავლეთშიც გაილაშქრა და თავის ქვეყანას შემოუერთა

ყანდაჰარი, რომელიც ინდოეთის „დიდი მოღოლების“ მფლობელობაში იყო მოქცეული.

1623 წელს თეიმურაზმა რუსთა მეფისაგან კვლავ ითხოვა დედის გამოხსნაში

დახმარება. მანაც შაჰს ელჩობა აახლა და ქეთევან დედოფალის განთავისუფლება და

ელჩებთან ერთად მოსკოვში გაგზავნა სთხოვა. შაჰი ელჩის საპასუხოდ ასე მოიქცა: ირანში

არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც გამაჰმადიანებულ ქრისტიანს ნება არ ჰქონდა

სამშობლოში დაბრუნებისა; ეს რელიგიური კანონი მკაცრად იცვებოდა. ქეთევანი თუ

გამაჰმადიანდებოდა, მას ირანის კანონების თანახმად ირანიდან წასვლის ნება არ მიეცემოდა,

ხოლო ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასჯიდნენ, შაჰი ელჩებს ეტყოდა, რომ იგი

გარდაიცვალა. პიეტრო დელა ვალეს აზრით, შაჰმა საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვის

ელჩების მასთან ჩამოსვლის შემდეგ მიიღო: ქეთევან დედოფალი ან უნდა გაემაჰმადიანებინა,

ან უნდა მოეკლა. მან ელჩები პასუხის მოლოდინში თავისთან დაიტოვა, და ამავე დროს

საიდუმლოდ და სასწრაფოდ სამი კაცი შირაზში გაგზავნა სპეციალური მისიით: ისინი უნდა

მისულიყვნენ ქეთევან დედოფალთან და წინადადება მიეცათ მისთვის, უარეყო თავისი

სარწმუნოება და მიეღო მაჰმადიანობა. მაგრამ, თუ იგი შაჰის ამ წინადადებას არ მიიღებდა,

წამებით უნდა მოეკლათ. შაჰის ემისრები ისე სწრაფად გაემართნენ შირაზისკენ, რომ რვა

დღის მანძილი ექვს დღეში დაფარეს.

ქეთევან დედოფალი ათი წელი იტანჯებოდა „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით,

ლოცვითა და ხმელზე წოლით გაილია მისი სხეული, მაგრამ მაინც მხნედ იყო და დიდად

16

ზრუნავდა მის განმგებლობაში მყოფ ქართველებზე. დედოფლის წამებამდე ხუთი წლით

ადრე, სპარსელებმა მის მოძღვარს - მამა მოსეს ცილი დასწამეს და სიკვდილის დასჯის

განაჩენი გამოუტანეს, ხოლო დასჯის წინ შესთავაზეს განდგომოდა ქრისტიანულ

სარწმუნოებას და მაჰმადიანობა მიეღო. მან ამაზე უარი განაცხადა და იგი საშინელი წამებით

მოკლეს, „ქვებისა და დაშნების დარტყმით განგმირული ნაკუწ-ნაკუწ აქციეს“. თუმცა მისი

მოკვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ, იგი წარმართავდა ორი ახალგაზრდა

უფლისწულის, თეიმურაზ მეფის შვილების, ლევანისა და ალექსანდრეს ცხო-ვრებას.

ზრდიდა მათ და ასწავლიდა ქრისტიანული სარწმუნოების წესებს. ამავე დროს დედოფალსაც

განამტკიცებდა ქრისტიანობაში. მამა მოსეს სიკვდილის შემდეგ ქეთევანთან დარჩა მეორე

მღვდელი - მამა გიორგი, რომელიც ასევე თავდადებულად ემსახურებოდა დედოფალს და

სულიერად ამხნევებდა მის ამალას.

იმამ ყული ხანმა, როგორც კი მიიღო შაჰის ბრძანება ქეთევანის წამებით მოკვლის

შესახებ, მოციქულის პირით შაჰს ასე შეუთვალა: წლოვანი დედაკაცი არის და ეხლა ეს აღარ

გათათრდებაო, რაში გჭირდებათ ამის გათათრება, თავი დაანებეთ, თქვენთვის სირცხვილიც

არის ამისი სიკვდილიო. იგი თავის საპატიო სტუმარს სამი თვე არ უმხელდა შაჰის ვერაგულ

ჩანაფიქრს. შაჰ-აბასს ეწყინა და კვლავ შეუთვალა: მე რაც გიბრძანე, ის აღასრულეო. მაშინ

იმამ ყული ხან უნდილაძემ აუწყა დედოფალს შაჰის სურვილი, რაც მდგომარეობდა

შემდეგში: კახეთის სამეფოს კანონიერ დედოფალს ქრისტიანული სარწმუნოება უნდა

უარეყო, მაჰმადიანობა მიეღო და შაჰ-აბასის ერთ-ერთი ცოლი გამხდარიყო, სამაგიეროდ მის

შვილს - თეიმურაზს კვლავ კახეთის მეფედ სცნობდა. შაჰს ამ მოულოდნელი წინადადებით -

წერს ამბროსიო დუშ ანჟუში - დედოფალი ერთ ხანს გაოგნებული დარჩა... მაგრამ მან გონება

მოიკრიბა და იმამ ყული ხანს მოკლედ და გაბედულად უპასუხა: „რადგან დაბადებული ვარ

ქრისტიანი დედმამისაგან და ქრისტეს სარწმუნოებაში ვარ აღზრდილი, ამიტომ მზად ვარ

მოვკვდე ამ რწმენით...“ ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როდესაც წმინდა ქეთევანმა თავისი

შვილიშვილების ამბავი შეიტყო.

ამის შემდეგ, არა ერთხელ მივიდა იმამ ყული ხანი ქეთევან დედოფალთან და

შეახსენა შაჰის დაპირება, მაგრამ ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა. მან ჩვეულებრივზე მეტად თავი

მისცა ლოცვას და ზიარებასაც ხშირად ღებულობდა. რამდენადაც უფრო ძალას ატანდნენ,

იმდენად უფრო მტკიცე ხდებოდა დედოფლის გადაწყვეტილება. ამიტომ შაჰის ბრძანებით

იგი ჩაამწყვდიეს ერთ ბნელ საკანში, შეუწყვიტეს მომსახურება, აუკრძალეს თანმხლებ

პირებთან შეხვედრები და საუბარი... ხოლო როდესაც გაიგეს, რომ ქეთევანს გადაწყვეტილება

არ შეუცვლია, ბოძზე მიაკრეს და წელამდე გაშიშვლებული სასტიკად ისე სცემეს, რომ

სისხლი ღვარად სდიოდა. მიუხედავად ამისა ერთხელაც არ დაუკვნესია. არქანჯელო

ლამბერტი წერს: „მას თვალწინ ედგა გამათრახებული ქრისტე და უფრო მეტი სურვილი

აღეძრა, რომ მონაწილე გამხდარიყო მისი ტანჯვისა, ვიდრე სპარსელების სიმდიდრისა. იგი

ჯალათს დამშვიდებით ეუბნებოდა, რომ ამაოდ ირჯებოდა, ცემის სა-შუალებით

სარწმუნოების საკითხში მისგან ვერავითარ დათმობას ვერ მიიღებდნენ. ასეთი წამების

17

მიუხედავად დედოფალი მზად იყო არა მხოლოდ ერთი, არამედ ათასი სიცოცხლეც რომ

ჰქონოდა ქრისტესთვის დაეთმო“.

და აი, დადგა უკანასკნელი დღეც. დედოფალს მოახსენეს შაჰის ბრძანება: ან მიიღებს

მაჰმადიანობას, თუ არადა მოემზადოს სასტიკი წამებისათვის, რაზეც ბრძანება უკვე

გაცემულიაო. ქეთევან დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელი ავგუსტინელი

მისიონერი მამა ამბროსიო დუშ ანჟუში წერს: „სპარსელები გააოცა ქეთევან დედოფლის

დამშვიდებულმა გამომეტყველებამა და პასუხმა, რომ შეასრულონ მათი მბრძანებლის

დავალება, რამდენადაც იგი მზადაა უფლის წყალობით აიტანოს ყოველგვარი მკაცრი წამება,

მაგრამ შეინარჩუნოს სარწმუნოება, რომელსაც იგი ბუნებრივად სთვლის და არ სცნობს

მაჰმადიანობას. შემდეგ დასძინა: შაჰს შეუძლია დაჭრას მისი სხეული, მაგრამ ვერ შეძლებს

ზიანი მიაყენოს მის სულს, რასაც ჩვენ გვასწავლის სახარება, და წარმოსთქვა წმინდა მათე

მოციქულის სიტყვები: „და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო

სულისა ვერ ხელეწიფების მოკლვად, არამედ გეშინოდეს მისა უფროის, რომელი შემძლებელ

არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“. „უპასუხა რა ასეთი მეფური

ღირსებით, ქეთევან დედოფალმა მათ სთხოვა მისთვის მიეცათ საშუალება სამლოცველოში

განმარტოებისა. ისინი დათანხმდნენ და იქ, თავის სამლოცველოში, ქეთევან დედოფალი

დაეცა მუხლებზე, რათა მხურვალედ და მოკრძალებით, ცრემლებით ელოცა ღმერთზე, რათა

უფალს მიეცა მისთვის ძალა და გამბედაობა მოწამეობრივისა სიკვდილისა... დაამთავრა

ლოცვა, წამოდგა, შეხედა თავის სამლოცველოს კედლებზე განლაგებულ წმიდათა ხატებს,

შესთხოვა მათ ყოფილიყვნენ მისი დამცველნი უფლის წინაშე... ამის შემდეგ პირში ჩაიდო

ნაკურთხი პურის ნატეხი, სწრაფად გამოვიდა სამლოცველოდან და წავიდა ხალხით

გაჭედილ მოედანზე შაჰის ემისრებისაკენ, რომლებიც მას უკვე ელოდებოდნენ“ - წერს

ევროპელი მისიონერი.

წმინდა ქეთევანის სილამაზით დატყვევებული შაჰის ემისრები შეეცადნენ ტკბილი

სიტყვებით დაერწმუნებინათ იგი შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება, თავი შეებრალებინა

და მაჰმადიანობა მიეღო, მაგრამ ამაზე დედოფალმა მეტად დამაჯერებლად და მტკიცედ

უპასუხა: ვერც დაპირებით, ვერც მუქარით, ვერც სიმდიდრითა და ვერც წამებით, „არა

შესაძლებელ არსო მათგან, შეცვალებაი ჩუენისა კეთილმსახურებისა, რომელსაცა შევსწირავ

ღმრთისადმი ჩუენისა“. ამის შემდეგ შაჰის ემისრებმა მოუხმეს ორ ჯალათს, რომლებიც იქვე,

ქეთევან დედოფლის ბაღში იცდიდენ. ამბროსიო დუშ ანჟუში წერს: ისინი მოვიდნენ,

მოიტანეს ორი მაყალი სავსე გავარვარებული ნახშირით, რომლებშიც ჩაყრილი იყო რკინის

მარწუხები, და მოემზადნენ დედოფლის წამებისთვის. მათ უბრძანეს ყველას, სახლიდან

გამოსულიყვნენ (რომლებიც იქ დასტიროდნენ დედოფლის ბედს), რათა ქეთევან დედოფლის

საშინელი წამებისთვის ეყურებინათ და ისლამი ეღიარებინათ. მაშინ დედოფლის „მხევალთა

მათ საწყალობელთა, მხილველთა საშინელთა მათ და ყოვლად საზარელთა სატანჯველთა

რკინისა და ცეცხლისათა იწყეს გოდებად, თმათა მოფხურად და ღაწუთა დახოკვად“ და

მაჰმადიანთა სასიხარულოდ უარყვეს ქრისტე. ქეთევანი კი ევედრებოდა მათ, რაითა მასთან

18

ერთად ვნებულიყვნენ და ცათა სასუფეველშიც ერთად წასულიყვნენ. მაგრამ ისინი თვითონ

სთხოვდნენ დედოფალს, „რაითა შეიწყალოსმცა ყოვლად მშუენიერ თავი თვისი და არა

მიიღოს მწარენი იგი მძვინვარებანი ტანჯვათანი“. ამის შემდეგ მოედანზე დედოფლის

მოძღვარი, მღვდელი გიორგი გამოიყვანეს და მანაც „სატანჯვე-ლთაგან მძრწოლარემან

უარყო ქრისტე“. დედოფალმა ამხნევებდა შეშინებულ მღვდელს და ურჩევდა, მტკიცედ

დაეცვა ქრისტეს სარწმუნოება - რისი გეშინია, მამაო, მრავალმა დაითმინა ასეთი

სატანჯველნი, დრო ხომ ისე სწრაფად გარბის, რომ ვერავინ ამ ქვეყანაზე საუკუნოდ ვერ

დარჩება, ამიტომ უმჯობესია ჩვენ თვითონ მივისწრაფოთ ყოველთა განსასუენებელისაკენ.

არ გახსოვს „რაი უყვეს ძესა ღმრთისასა, ვითარ იგი წმიდანი ხელნი და ფერხნი მისნი ძელსა

ზედა დამსჭვალნეს“. ჩვენც მოვითმინოთ ტანჯვანი, რათა ჩვენც ვეზიაროთ ქრისტეს ვნებებს.

„მაშინ ყოველნი იძლინეს (ქრისტე უარყვეს) თანა მსახურნი და მხევალნი წმიდისანი და

თვით საწყალობელიცა იგი ხუცესი“ - ასე მოგვითხრობს მეფე თეიმურაზიო, სწერს ანტონ

კათალიკოსი და მისი მოთხრობილისა უფრო მჯერავსო.

ჯალათები ეცნენ წმინდა ქეთევანს და მუსულმანური კანონის მიხედვით

მოინდომეს მისთვის ხელების უკან შეკვრა, მაგრამ დედოფალმა ამაზე წინააღმდეგობა

გაუწია, და ითხოვა ხელები ქრისტიანული წესის თანახმად წინ შეეკრათ, რათა საჭიროების

შემთხვევაში ზეცისკენ, უფლისკენ აღემართა. როდესაც მტანჯველნი ხელით შეეხნენ

ლოცვად დამდგარ მოწამეს და ტანსაცმლის შემოძარცვა დაუპირეს, შეხედა მათ და უთხრა:

თქვენც დედის ნაშობნი ხართ და სიშიშვლით ნუ შეურაცხმყოფთო. „სასტიკმა ჯალათებმა

მაშინვე დაიწყეს უსათნოესი დედოფლის წამება. ჯერ მას თავზე დაადეს გავარვარებული

სპილენძის ჭურჭელი, შემდეგ იგი ჩამოაცურეს მის ლამაზ სახეზე და გავარვარებული

მარწუხებით ხორცს გლეჯდნენ სახიდან, ჯერ მარჯვენა ლოყიდან, ხოლო შემდეგ -

მარცხენიდან. მათ იგი წელამდე გააშიშვლეს და გავარვარებული მარწუხებით უწვავდნენ

მკერდს და ბოლოს ორივე ძუძუ მოჰგლიჯეს. წმინდა დედოფალს ტანჯავდა ისიც, რომ იგი

წელს ზემოთ შიშველი იყო იმდენი დამსწრე მამაკაცის წინაშე და თუმცა მას ართმევდნენ

სიცოცხლეს, მაგრამ ამავე დროს ფეხქვეშ თელავდნენ მის პატივს, რომელსაც იგი ყოველთვის

ყველაზე მაღლა აყენებდა და წამების დროს მან ერთხელ ამოიოხრა. იგი სირცხვილისაგან

იტანჯებოდა, რადგან ტანზე ეცვა მხოლოდ საწმერთული (რომელსაც მის სამშობლოში

ქალები ტანისამოსის ქვეშ ატარებენ). ბოლოს დაიწყო ყველაზე საშინელი წამება: ჯალათები

რკინის მარწუხებით წვავდნენ მთელ მის სხეულს. ასეთი წამებით დაუძლურებული

დედოფალი დაეცა. დაინახეს რა მიწაზე დაგდებული, ჯალათებმა თოვლივით ქათქათა მის

სხეულს მუგუზლები დააყარეს, ეს იყო ნამდვილი სავარდე, რომელიც ანგელოზებსაც კი

შეშურდებოდათ. ერთხანს იწვოდა დედოფალი, რომელმაც ყველაფერი გადაიტანა

გასაოცარი, გაუგონარი სიმტკიცით, მაგრამ რამდენადაც ქეთევან დედოფალი კიდევ

სუნთქავდა, ჯალათები ეცნენ ყელში და ხელებით დაახრჩვეს (სხვა ვერსიის თანახმად

საბლით მოაშთვეს). „მოკვდა დიდებული დედოფალი და წამებული ქეთევანი, რომელიც

მიწიერი დედოფლიდან ციური დედოფალი გახდა“ - წერს ამბროსიო დუშ ანჟუში.

19

ქეთევან დედოფლის წამების შესახებ ბერი ეგნატაშვილი წერს: „გაუბეს ხელ-ფეხი და

გააშიშვლეს წმიდა ქეთევან დედოფალი და განხურებული გაზებით დაგლიჯეს ძუძუები და

გახურებული საჯები (ტაფები) ნაგლეჯს ხორცზედან შემოაწყვეს და დაგლიჯეს. გაახურვეს

ლურსმნები და დაუყარეს ქუეშე და ზედ გაატარეს, დააწვინეს და შიშველზედ ზედ

შემოაყარეს ლურსმა-ნი გახურვებული. მაშინ იპობოდაო ხორცი ლურსმანთაგან, რადგან

ისეთი ბასრი თავები ჰქონდათ, ხორცში ესობოდაო - იტყვის მეფე თეიმურაზი და ხორცი

სცვიოდაო). კუალად განხურვებული შამფურები გაავლეს მუცელსა და ძუძუ-მკერდშიგან

(მკერდიდან ზურგამდე), განხურვებული ქვაბი დაარქვეს თავსა ზედან. კუალად

განხურვებულს ქუაბსა შიგან შიგ ჩასვეს და თავსაც დაახურეს და შემოაწყვეს გახურებული

ბარები შუბლსა ზედა და ახეთქა თავის კეფა. და უყვეს მრავალი სატანჯველი, და ესრეთ

შევედრა წმიდა სული თვისი უფალსა და შეირაცხა წმიდათა ქალწულთა მოწამეთა

კრებულთა თანა“.

როგორც კი დასრულდა წმინდა ქეთევან დედოფლის წამება, უფალმა განადიდა

წმინდანის გვამი. ურიცხვი ხალხის თვალწინ, რომელიც შეკრებილი იყო მოედანზე, სამი

ბრწყინვალე სვეტი ჩამოეშვა ციდან და წამებულის გვამს დაადგა. იმამ ყული ხანის

ბრძანებით წმინდა ქეთევანის გვამი ტომრით ქალაქს გარეთ გაიტანეს და სადღაც, ერთ

უწმინდურ ადგილზე წინასწარ ამოთხრილ ღრმა ორმოში დაფლეს.

პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერები დიდხანს ეძებდნენ ქეთევან

დედოფლის საფლავს, მაგრამ ამაოდ. ერთხანს მისი პოვნის ყოველგვარი იმედი დაკარგეს.

მისიონერები ამბობდნენ, ნეტავ ვინ იქნება ისეთი ბედნიერი, რომელიც მიაგნებს ქეთევან

დედოფლის საფლავს, ამოიღებს მას საფლავიდან და ასეთი ძვირფასი საგანძურით

გაამდიდრებს თავის მონასტერსო?.

ასეთი ბედნიერება წილად ხვდა ზემოხსენებულ მამა ამბროსიო დუშ ანჟუშს, 3 თვისა

და 13 დღის შემდეგ, მიაგნო რა ქეთევან დედოფლის საფლავს, სპარსეთის ტყვეობაში მყოფ

ორ პორტუგალიელთან ერთად დაიწყო ორმოს ამოთხრა, მაგრამ დედოფლის ნეშტი ისე

ღრმად იყო ჩამარხული, რომ იმ ღამეს ორმო ბოლომდე ვერ ამოთხარეს. გათენებისას ისინი

იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ თხრა, რომ ვინმეს არ შეენიშნა. ღამით კვლავ განაგრძეს

მუშაობა, მიაღწიეს ქეთევან დედოფლის ნეშტამდე და ამოიღეს იგი. აქ მხოლოდ ძვლებიღა

იყო შემონახული, ხორცი კი, თითქმის მთლიანად დამწვარა. „ხორცის მთელი ნაწილი

შერჩენილი იყო მხოლოდ მარჯვენა მკლავზე და მარცხენა ფეხზე“ - შენიშნავს ამბროსიო დუშ

ანჟუში, რომელსაც ეხმარებოდა მეორე პორტუგალიელი მორჩილი ძმა პედრო დუშ სანტოში.

მათ გაწმინდეს ძვლები და ერთ ყუთში ჩააწყვეს. ყუთი წაიღეს და დაასვენეს ავგუსტინელ

მისიონერთა მონასტერში შირაზში. „უქმნეს ლუსკუმაი და მრავალთა სულნელთა

უკმევდნენ“. დედოფლის წმინდა ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მრავალ

სნეულს ჰკურნავდა. მაგრამ იმის გამო, რომ შირაზში, სადაც მოხდა ქეთევან დედოფლის

წამება, საშიში იყო მისი ნეშტის შენახვა, ამბროსიო დუშ ანჟუშმა ორი მისიონერის ხელით ეს

ყუთი ისფაჰანში ავგუსტინელ მისიონერთა მონასტერში გაგზავნა. აქ იგი უფრო დიდ

20

პატივში და უფრო საიმედოდ იქნებოდა შენახული. ეს ყუთი ისფაჰანში ინახებოდა 1626

წლის მარტამდე. ამ დროს შაჰის განკარგულებით ავგუსტინელ მისიონერებს მოღვაწეობა

აეკრძალათ ისფაჰანში. ყველა ავგუსტინელი მისიონერი დააპატიმრეს და ქუდმოხდილნი და

ხელებშეკრულნი შირაზის გზას ისე გაუყენეს, რომ თან არაფრის წაღების უფლება არ მისცეს.

მხოლოდ მათ წინამძღვარს დართეს ნება ერთი რაიმე ბარგი წაეღო. მან კი აირჩია ის ყუთი,

რომელშიც ქეთევან დედოფლის ნეშტი იყო და თან წაიღო შირაზში (რა თქმა უნდა

სპარსელებმა არ იცოდნენ, რომ ყუთში წმინდა ქეთევანის ნეშტი ინახებოდა).

თხუთმეტდღიანი მგზავრობის დროს გამყოლები ხანდახან სცემდნენ კიდეც მისიონერებს,

შირაზში კი ათი თვე სასტიკი ზედამხედველობისა და დამცირების ქვეშ ჰყავდათ. 1627 წლის

თებერვალში ავგუსტინელი მისიონერები შაჰის ნებართვით კვლავ ისფაჰანში დაბრუნდნენ,

წმინდა ქეთევანის ნეშტი თან ჩამოიტანეს და ისევ ავგუსტინელთა მონასტერში შეინახეს.

წმ. ქეთევან დედოფლის ნეშტის რელიკვიების სხვადასხვა ადგილებში გაგზავნის

შესახებ ლაპარაკია იმავე ამბროსიო დუშ ანჟუშის „ნამდვილ ცნობებში“. ამ ცნობების“

მიხედვით ქეთევან დედოფლის მკლავის ძვალი და მარჯვენა ხელის მტევანი ქ. გოაში

(ინდოეთი) გაგზავნეს და იქ, პორტუგალიელ ავგუსტინელ მისიონერთა მონასტერ და

გრასაში, შავი ქვის კუბოში ჩადებული საკურთხევლის უკან (კაპიტოლის მეორე ნიშში)

დაასვენეს. წმინდა ქეთევანის ნეშტის რომელიმე ნაწილს დაჟინებით ითხოვდა პიეტრო

დელა ვალე, რომლის მეორე ცოლი - მარიამი, (იგივე წიბა, მარუჩა), წარმოშობით ქართველი

იყო, კახეთიდან. პიეტრო დელა ვალეს თხოვნის შესრულების მიზნით, თვითონ მანუელ და

მადრე დე დეუსი წავიდა გოაში და თან წაიღო ნეშტის ნაწილი - მეორე მკლავის ძვალი. იგი

გოაში ჩავიდა 1627 წლის 14 ოქტომბერს, მაგრამ პიეტრო დელა ვალე უკვე წასულიყო

იტალიაში. მან მაშინვე წერილი მისწერა პიეტრო დელა ვალეს და შეატყობინა, რომ მისთვის

განკუთვნილ სიწმინდე“ მან გოაში ჩამოიტანა. ამბობენ, რომ და გრასას მონასტერს“ ჩააბარაო.

1631 წლის თებერვალში დონ პიეტრო ავიტაბილესთან ერთად რომში ჩავიდა მისიონერი,

მორჩილი ძმა ანტონიო, რომელმაც პიეტრო დელა ვალეს „დიდწამებულის სამუდამო

სახსოვრად“ მიართვა შესანიშნავ ბუდეში ჩასმული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი,

სახელდობრ: ზედა ყბა მთლიანად, კბილების გარეშე. ეს სიწმინდე ინახებოდა პიეტრო დელა

ვალეს ოჯახში, ხოლო შემდგომ თვალს მიეფარა. ნეშტის ნაწილი ავგუსტინელმა ბერებმა

საიდუმლოდ რომშიც გააგზავნეს და იქ ჩასვენებულ იქნა წმინდა პეტრეს საფლავში, სადაც

დღემდე ინახება ეს წმინდა ნაწილნი („მწყემსი“ 1894 წელი).

1628 წ. 13 თებერვალს ავგუსტინელი მისიონერები: ამბროსიო დუშ ანჟუში და

პედრო დუშ სანტოში საქართველოსაკენ გაემგზავრნენ, იმავე წლის 11 მაისს, ხუთშაბათ

დღეს, გორში ჩავიდნენ და პირდაპირ მეფე თეიმურაზის საზაფხულო რეზიდენციაში

მივიდნენ, სადაც იყო მეფე, მისი მეუღლე, მთელი მისი ოჯახი და სასახლის მსახურები.

თეიმურაზ მეფემ მისიონერებს მო-სვლისთანავე ჰკითხა თუ რაიმე იციან მისი დედის -

ქეთევან დედოფლის ცხედრის ბედის შესახებ და უთხრა, რომ მან ამის შესახებ სამჯერ

გაგზავნა დესპანები შაჰ აბასთან, ხოლო შაჰ-აბასიდან ყოველთვის იყო ერთი და იგივე

21

პასუხი: ქეთევან დედოფლის ნეშტი საფლავიდან ამოიღეს მისიონერებმა, მაგრამ მან არ იცის

ვის გაუგზავნეს იგი. ამბროსიო დუშ ანჟუშმა მეფეს მოახსენა, რომ იგი საფლავიდან მან

ამოიღო და აი, ქეთევან დედოფლის ნეშტის ერთი ნაწილი აქ ჩამოიტანა. მათ თეიმურაზ

მეფეს გადასცეს: თავის ქალა და მარცხენა ფეხის ძვალი, რომელსაც ოდნავ ხორცი ჰქონდა

შერჩენილი და ღმრთისმშობლის ხატი, რომელზეც დედოფალი ლოცულობდა. მოგვიანებით

ეს ხატი რუსეთში ერთ-ერთ ლავრაში გამოჩნდა და იქაც იდუმალებით მოცულ ვითარებაში

დაიკარგა. შემდეგ ირლანდიის სამეფო კარამდე მიაღწია, იქიდან კი სამხრეთ საფრანგეთში ქ.

მონპელიეში მანუელ და ბარბარა ლუსტალიების კუთვნილება გახდა. 2003 წ. ხანგრძლივი

მოლაპარაკების შემდეგ, ხატის საქართველოში დაბრუნება მოახერხა ავჭალის წმ. ქეთევან

წამებულის ტაძრის წინამძღვარმა - გიორგი რაზმაძემ და ტაძარში დააბრძანა.

თეიმურაზ მეფის ბრძანებით, მეორე დღესვე გორში მოეწყო საგანგებო წირვა,

რომელსაც დაესწრო მეფე, სამეფო კარის ყველა წარმომადგენელი და დიდებულები. მეფემ

„კეთილმსახურებისაებრ“ დიდი პატივისცემით, საკმეველის კმევით და ქართლ-კახეთის

სამღვდელოების მიგებებით, „ვითა შუენოდა დედასა და დედოფალსა“ დაკრძალა წმ.

მთავარმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში, ალავერდს, როგორც ამბობენ საღმრთო

ტრაპეზის ქვეშ.

XVII ს-ის ოცდაათიან წლებში თეიმურაზ I-ს ქ. თელავში დედამისის - წმინდა

ქეთევან დედოფლის სახელზე აუგია პატარა ბაზილიკა. გადმოცემის მიხედვით, ამ ტაძრის

აშენება დაკავშირებულია შემდეგ სასწაულთან - წამების წინ წმინდა ქეთევანს

ღმრთისმშობლის ხატთან ულოცია. დედოფალს ხატი ხელიდან გასხლტომია, ცაში

აფრენილა და ოქროს ძაფებით ციდან ჩამოშვე-ბულა თელავში - იმ ადგილას, სადაც დღეს წმ.

ქეთევანის სახელობის ტაძარი დგას და აქ დავანებულა. ამის შემდეგ ცხრა დღეში აუგიათ

ხსენებული ტაძარი. მაშინ თელავში ჯერ კიდევ არ იყო აშენებული კახთ მეფეთა სასახლე.

მეფე გიორგი XII-ემ იოანე აფხაზს „თელავსა ორჯერ გაატანა სანთლები კელაპტრები,

რათა დღესა ქეთევან დედოფლისასა დაესწროს წირვის ჟამს მცირესა ეკლესიასა შინა,

აღშენებულსა მუნ თეიმურაზ მეფისაგან პირველისა. ესე ეკლესია არის პირველი ნაკურთხი

ქეთევან დედოფლისა წამებულის სახელზედ“.

XIX ს-ის ცნობილი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის წიგნზე „ცხოვრება გიორგი

მეცამეტისა“ დართული ცნობა გვამცნობს, რომ ანჩისხატის დეკანოზს, მწერალ-მწიგნობარ

სოლომონს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ამ პატარა ტაძარში გაუხიზნია ანჩისხატის

ხელთუქმნელი ხატი: „1795 წელს ზურგით გადაიტანა ხატი პირიღმრთისას და ქალაქიდამ

დაუდგა ურემსა მცხეთაში და აქედან გამოსულა არაგვსა, წავიდა თელავს და დახიზნვა მუნ

იგი ქეთევან დედოფლის ეკლესიასა“.

სამშობლოსა და მართლმადიდებლობისათვის წამებული ქეთევან დედოფალი

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იმთავითვე წმინდანად შერაცხა და უწოდა მას

დიდი მოწამე. „აღვიდა წინაშე საყდართა ყოვლად წმიდისა სამებისათა წმიდაი დედოფალი

22

და მოწამე სარწმუნოი ქრისტეისი წელსა განხორციელებიდგან სიტყვისა ღმრთისა 1624

წელსა, თუესა სეკდემბერსა ათცამეტსა (ახ სტ. 26/IX) - აღწერათა შინა კახეთისასა იტყვის

ვახუშტი ბაგრატიონი“. სწორედ ამ დღეს დღესასწაულობს საქართველოს

მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ქეთევან დედოფლის ხსენებას.

წმ. ქეთევანის შირაზში ცხოვრების, მისი მოწამეობრივი სიკვდილის, და მისი ნეშტის

საბოლოო ბედის უშუალო მოწმე იყო პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი მამა

ამბროსიო დუშ ანჟუში. მან თეიმურაზ მეფეს დეტალურად მოუთხრო იმის შესახებ, რაც

დედოფალს სპარსეთში გადახდა და, რაც მან საკუთარი თვალით ნახა. მხოლოდ ამის შემდეგ

დაწერა თეიმურაზმა პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“ (იხ. ქართული პოეზია ტ III ).

ქეთევანის მოწამეობის ამბავი, სარწმუნოებისათვის თავის დადება, იმდროინდელ

საქრისტიანო სამყაროში სწრაფად გავრცელდა. მოკლე ხანში თერთმეტ ენაზე შეიქმნა

სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები წმინდა დედოფალზე. როგორც თანამედროვეთა

ნაამბობიდან ჩანს, ქეთევანი მტკიცე მართლმადიდებელი იყო და ასევე გარდაიცვალა. რის

გამოც, მიუხედავად კათოლიკე მისიონერების დიდი მცდელობისა „ქეთევან დედოფლის

წმინდად აღიარებაზე რომის ეკლესიამ თავი შეიკავა“. ქეთევანს რწმენა რომ შეეცვალა და

კათოლიკობა მიეღო, მაშინ აღარც რუსი ელჩები იქნებოდნენ ქეთევანის ბედით

დაინტერესებულნი, რომელთაც სურდათ კახეთის დედოფალი მოსკოვში წაეყვანათ. შაჰი

მათ ქეთევანის მიერ მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფის შესახებ აცნობებდა და

რაც მთავარია, ევროპელთა გავლენით კათოლიკე ქეთევანს აღარ აწამებდა (ევროპა მისი

პოლიტიკური მოკავშირე იყო ოსმალეთთან ომში). 1640 წელს ამბროსიო დუშ ანჟუშმა თავის

მოხსენებით ბარათში აღიარა, რომ ქეთევან დედოფალი სამუდამოდ თავისი ეროვნული

ეკლესიის ერთგული დარჩა.

მაჰმადიანებისაგან ქეთევან დედოფლის ხორციელ წამებასა და მოკვდინებას

არანაკლები განსაცდელი უსწრებდა წინ - კათოლიკე მისიონერთა მცდელობა - ტკბილი

სიტყვით განედრიკათ იგი ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან. თუმცა ისინი დედოფალს

ადამიანურად თანაუგრძნობდნენ, დიდად პატივს სცემდენ, მისი წმინდა ნაწილების

გადარჩენისათვისაც დიდი ამაგი გასწიეს და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ

როგორ შეარყევდა ქართველი კაცის სარწმუნოებას, ქეთევან დედოფალი რომ მართლაც

კათოლიკედ აღსრულებულიყო, რადგან ქართველი ერის ამ საშინელი განსაცდელის ჟამს,

მართლმადიდებლობის შენარჩუნებისას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მაგალითის ძალას.

მაღალი ფენები: მეფე-დედოფლები, მთავრები, თავად-აზნაურობა და მათი ოჯახის წევრები

სამაგალითონი იყვნენ მოსახლეობის დაბალი, მრავალრიცხოვანი ფენებისთვის. თუ მაღალი

ფენები ქრისტიანობას იცავდნენ, დაბალი ფენებიც ასევე იქცეოდნენ, მაღალი ფენების

გამაჰმადიანე-ბას დაბალი ფენებიც გამაჰმადიანებით პასუხობდნენ. ასე მოხდა თურქთა მიერ

დაპყრობილ სამცხე-საათაბაგოში, რომლის მმართველსაც უკვე ათაბაგი კი არა, ფაშა

ეწოდებოდა: „მოკვდა უსუპ-ფაშა, მის ადგილზე დაჯდა მისი ძე როსტომ-ფაშა, ნაშობი

მხევალისაგან. გამოგზავნა კაცი ხონთქარმან და მის მეუღლეს მაჰმადიანობის მიღება

23

მოსთხოვა. ქალი შეძრწუნდა და თავის მოკვლის მიზნით კლდეზე გადაჩეხვა დააპირა,

მაგრამ არ დაანებეს. ამის შემდეგ საშინელი გადაწყვეტილება მიიღო და თურქებს უთხრა:

„თუ მთელ საათაბაგოში ყველა ქალსა და კაცს გაათათრებთ, მეც თანახმა ვიქნებიო, ხოლო

უკეთუ არა, თავს მოვიკლავო“. და როდესაც ყველა გაათათრეს (გაამაჰმადიანეს), მანაც

შეიცვალა რჯული. მაშინ ღმრთის რისხვა დაატყდა სამცხე-საათაბაგოს: შებილწეს წმინდა

ეკლესიები და მონასტრები და ბოსლებად აქციეს. სამღვდელო კრებულმა, ეპისკოპოსებმა და

მოწესე კაცებმა დატოვეს თავისი სამყოფელი, წმინდა ჯვარ-ხატნი და ნაწილნი წამოიღეს და

საცხოვრებლად ზოგი ქართლ-კახეთში, ზოგიც გურია-იმერეთში გადავიდნენ“.

წმინდა ქეთევან დედოფალმა კი თავისი მაგალითით იხსნა სრულიად საქართველო

გამაჰმადიანებისაგან და თავისი მოწამეობრივი სიკვდილით გაამხნევა სასოწარკვეთილი

ქართველობა. შეიძლება ითქვას, რომ მამული და ერი სულიერ-ხორციელად მოსპობისაგან

და სხვა ხალხებში ასიმილაციისაგან წმ. ქეთევანის, წმინდა ლუარსაბ II-ის, სხვა

წარჩინებულთა და საეკლესიო მოღვაწეთა თუ ერისკაცთა ქრისტესადმი თვითშეწირვამ

გადაარჩინა. მათი შუამდგომლობით არ აღიგავა პირისაგან მიწისა მრავალწამებული

ქართველი ერის სახსენებელი. მათ სისხლზე, მათ წმინდა ნაწილებზე არის დამყარებული

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის სიდიადესა და სიქველეს

განცვიფრებაში მოჰყავს ქრისტიანობის ისტორიის ყოველი მკვლევარი.

ქართველი ერისათვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში, მეფე თეიმურაზიც

მსგავსად თავისი წმინდა დედის ქეთევანისა, ფარად და დარაჯად ედგა ეროვნულ

სარწმუნოებასა და ქართველობას. იგი ღირსებითა და შეიძლება ითქვას, წარმატებითაც

ებრძოდა ქრისტიანობის უსასტიკეს მტრებს, უზარმაზარი იმპერიის მმართველებს: შაჰ-აბას

I-ს, შაჰ-სეფის და შაჰ-აბას II-ს. 1606 წლიდან 1663 წლამდე, თითქმის 60 წელი მისგან

მოსვენება არა ჰქონდათ საქართველოს მტრებს. თეიმურაზი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი

იყო და კარგად ესმოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მნიშვნელობა და ღირსება. იგი

არა მარტო სპარსეთ-ოსმალეთის მმართველებს ებრძოდა, არამედ მათი პოლიტიკის

გამტარებელ გადარჯულებულ ქართველებსაც, რომელნიც არანაკლები უბედურების

მომტანნი იყვნენ საქართველოსათვის. იგი იყო ფრიად ტრაგიკული პიროვნება.

მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზს ქართლ-კახეთის მოსახლეობის უდიდესი

ნაწილი ემხრობოდა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა, რაც „ქართველობის“ დამარცხებას

ნიშნავდა, რადგან ქართულმა სახელმწიფოებრიობამ თვისობრივად სულ სხვა სახე მიიღო.

ძველქართული სახელმწიფოებრიობის ადგილას როსტომ-ხანის (დაუთ-ხანის უკანონო

შვილი) მიერ დამყარებული არაეროვნული ქართულ-ყიზილბაშური სახე ქართლ-კახეთის

მმართველობისა მთელი 112 წლის მანძილზე არსებობდა - 1632-1744 წლებში.

სქემოსან ბერად აღკვეცილი და ქრისტიანობის დაცვისათვის შაჰის მიერ

დაპატიმრებული, 74 წლის თეიმურაზი 1663 წელს ასტრაბადის ციხეში გარდაიცვალა.

კახელებმა საყვარელი მეფის ნეშტი საქართველოში ჩამოაბრძანეს და ალავერდს დიდი

24

პატივით დაკრძალეს. საქართველოს დაუძინებელი მტერი - შაჰ-აბასი კი გრიგოლ

ხუცესმონაზონის სიტყვით, „რისხვითა ღმრთისაითა დასნეულდა და ჭირითა სასტიკითა

განვიდა ცხოვრებისაგან და განსივნა და განსკდა საუნჯე იგი არაწმიდათაი, მუცელი მისი და

დაეფლა ჯოჯოხეთს“.

ავგუსტინელ მისიონერთა მიერ გორში ჩამოტანილი ქეთევან დედოფლის ნეშტის

ნაწილი ინახებოდა თეიმურაზ მეფის ოჯახში და მემკვიდრეობად გადადიოდა

შთამომავლობაზე. არსებობს ასეთი ინფორმაციაც: „1723 წელს ოსმალებისა და ლეკების

შემოსევების დროს კახეთის ბატონიშვილი თეიმურაზი, ქეთევან დედოფლის

შვილთაშვილის შვილი ახლობლებთან და ეპისკოპოსებთან ერთად ანანურისკენ მიდიოდა,

თან ქეთევანი წამებულის წმ. ნაწილები მიჰქონდა ცხენით. მდ. არაგვზე გადასვლისას ცხენმა

წაიბორძიკა და მდინარეში ჩავარდა, წმინდა ნაწილი კი წყალმა წაიღო“.

როგორც რუსული საარქივო მასალებიდან ირკვევა, თეიმურაზ I-ს რუსეთის მეფის -

ალექსი მიხეილის ძისთვის (1629-1676) თავისი „ქუეყანისა დასაუფლებლად“ ჯარი უთხოვია

და პატივისცემის ნიშნად დედის ნეშტის მცირედი ნაწილი (ფეხის დიდი თითი) გაუგზავნია.

რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს წმინდა ქეთევანის მართლმადიდებლობაში აღსრულებას -

გაკათოლიკებული მოწამის სიწმიდეს მეფე თეიმურაზი ვერ გაგზავნიდა ისეთი

მართლმადიდებლური ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც იმჟამინდელი რუსეთი იყო.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იმყოფებოდა ინდოეთში: გოა და - გრასის

მონასტერში, ისფაჰანში, ბელგიაში - ნამიურის ტაძარში, რუსეთსა და ინგლისში. ისფაჰანსა

და გოაში ზემოხსენებული მონასტრები უკვე კარგა ხანია აღარ არსებობენ. გოაში მონასტრის

მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა, ხოლო ისფაჰანში მონასტრის ადგილის დადგენაც

შეუძლებელია.

1893 წ. ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ სტატიაში - „ალავერ-დის

ტაძარი და ქეთევან წამებული“ აღწერილია, რომ ლათინებმა ზოგიერთი ნაწილი მისი

გვამისა: მარჯვენა ხელი და შედედებული სისხლი მიართვეს მეფე თეიმურაზს..., ხოლო

ნაწილნი გაგზავნეს ევროპაში. ხოლო ეს ნაწილნი ეხლაც დაცულნი არიან ბელგიაში“.

ბელგიის უძველეს ქალაქ ნამიურის „წმინდა ობენის“ კათედრალური ტაძარი, რომელშიც

1914 წელს გაზეთ „სახალხო ფურცელში“ გამოქვეყნებული ფოტოს თანახმად, ყოველი

ქართველისთვის სათაყვანებელი ქეთევან წამებულის საძვალე ყოფილა, არქ. პიზონის

პროექტით აუგიათ 1751-1764 წწ, იტალიური რენესანსის სტილში. აქვეა ეპარქიული

მუზეუმი რელიგიური ხელოვნების ექსპოზიციით.

2001 წელს ქართული ექსპედიციის მიერ დაწყებული გათხრები ქალაქ გოაში, ნონსა

სენიორა და გრასას ტაძარში (ავგუსტინელთა ორდენის ტაძარი), ინდოელმა არქეოლოგებმა

2006 წლის ზაფხულში წარმატებით დაასრულეს და მცირე ბაზილიკის ნანგრევებში იპოვეს

დამსხვრეული შავი ყუთი, ხოლო იქვე აღმოაჩინეს ძვლის ნაწილები (ძვალი წინამხრის

ნაწილს შეადგენს და ეკუთვნის მდედრობითი სქესის ადამიანს).

25

ლისაბონის და გრასას მონასტრის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ამჟამად ბავშვთა

საგამოფენო დარბაზია, შემორჩენილია წმინდა ქეთევან დედოფლის სპარსეთში ცხოვრებისა

და წამების ამსახველი პანო. 9 მ. სიგრძისა და 2 მ. სიმაღლის პანო შესრულებულია მოჭიქული

მონანქრით და საკმაოდ დაზიანებულია (გადაწყვეტილია პანოს ზუსტი ასლის

საქართველოში ჩამოტანა).

ზაგორსკის ლავრაში დღემდე ინახება ხატი, პანაღია ქეთევან დედოფლის

გამოსახულებით, რაზეც მეტყველებს ასომთავრული წარწერაც. აღსანიშნავია, რომ

დედოფლისადმი მიძღვნილი ხატებიდან იგი ყველაზე ადრინდელია. შექმნილია XVII ს-ის

ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისში. შესრულებულია ქართველი ოსტატის მიერ, ვახტანგ VI-

ის დაკვეთით, რომელმაც აღნიშნული ხატი თან წაიღო რუსეთში. ხატი რვასეგმენტიანია,

შემკული წითელი და მწვანე ფერის ქვებით, რაც ხატს მეტ ელვარებასა და გამომსახველობას

ანიჭებს. დედოფალი მთელ სიგრძეზეა გამოსახული ქართულ კაბაში, გვირგვინით, ხელში

უჭირავს ჯვარი და ღმრთისმშობლის ხატი-სანაწილე, რომელშიც მისი წმინდა ნაწილებია

ჩასვენებული.

ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში, მართლმადიდებლური სიწმინდეების

განყოფილებაში გამოფენილია სანაწილე პატარა ხატი, რომლის წინა პირი წარმოადგენს

ლამაზ მედალიონს, რომელზეც გამოსახულია წმინდა გიორგი, უკანა პირზე კი მხედრულად

აწერია: „წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები“. აქვეა დიმიტრი თესალონიკელის

მინანქრით შესრულებული გამოსახულება. მედალიონის შიგნით, პატარა უჯრებში

ჩადებულია სიწმიდეები, ერთ-ერთი ქეთევან დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს.

წმ. დიდმოწამე ქეთევანის წმ. ნაწილი დავანებულია სამთავროს წმ. ნინოს

წმინდანთა ნაწილებიან ხატში, აგრეთვე ქ. თბილისის სიონსა და ავჭალის წმ. ქეთევან

წამებულის სახ. ტაძარში დაბრძანებულ წმ. ქეთევანის ხატებში (ხატმწერი: ქეთევან ხაჟომია).

უდიდესია მოწამე დედოფლის მეოხება თავისი ერისა და ქვეყნისათვის. ბედნიერია

ერი, რომელსაც ჰყავს დიდმოწამე გვირგვინოსანი.

გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

იხილეთ საიტი: http://www.qwelly.com/ebooks